ეკონომისტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
„ვის გადაურბინა გზაზე ნანა ყეინიშვილმა? – იმასაც ამბობენ ბოროტი ენები, რომ მას მთლად გულზე არ ეხატებოდა სებ-ის საქმიანობაო“ – ასე ეხმაურება ეკონომისტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ კრიპტოკომპანია “ბიტექსჩეინჯის“ მიერ დაწერილ საჩივარს.
შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის მუხლით დაიწყო.
პროკურატურის ცნობით, გამოძიება ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე დაიწყო.
„ბიზნესპრესნიუსი“ რომან გოცირიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ეროვნული ბანკის საბჭოს წევრ ნანა ყეინიშვილს უჩივლა ფულის გათეთრების გამო ეროვნული ბანკის მიერ დაჯარიმებულმა კრიპტოკომპანია “ბიტექსჩეინჯმა” – ნანა ყეინიშვილი მისი ოჯახის წევრების მეშვეობით მსგავსი ბიზნესითაა დაკავებული, რაც ინტერესთა კონფლიქტიაო.
სულ არ აინტერესებს რომელიღაც კრიპტობირჟას სახელმწიფო მოხელის მიერ კანონის დარღვევა, მით უმეტეს, თავად კანონდამრღვევს? ახლა ყველა დაიწყებს ამ კრიპტოკომპანიის საქმიანობის შესწავლას, მის მიერ ფულის გათეთრების ფაქტების ამოქექვას. უნდოდა კი ასეთი საჯარო ცნობადობა, როცა იყო თავისთვის და ეწეოდა კრიპტოთი კანონიერ თუ უკანონო ვაჭრობას?
მაშ, რა მოხდა? ალბათ ის, რომ ჩაავლეს ყურებში ხელი და კიდევ უფრო მძიმე დარღვევების გამოვლენის მუქარით (რაც არ იქნება გასაკვირი კრიპტოთი ვაჭრობის პირობებში), აიძულეს ყეინიშვილი დაებეზღებინათ.
აქ მთავარი კითხვა ჩნდება – ვის გადაურბინა გზაზე ნანა ყეინიშვილმა? შეიძლება არც არავის – ეროვნულ ბანკში საბჭოს წევრის ადგილის გამოთავისუფლება უნდათ ვიღაცისთვის. ისე, იმასაც ამბობენ ბოროტი ენები, რომ მას მთლად გულზე არ ეხატებოდა ეროვნული ბანკის საქმიანობაო. თანაც სალომე ზურაბიშვილის წარდგენილი კადრი შესაძლოა, პოლიტიკურად არასაიმედოდაც მიაჩნდეთ – ეროვნული ბანკის შიდა ამბებში ჩახედვა ბევრს არ გაუხარდება რა თქმა უნდა. “ოცნებაში” მიმდინარე შიდა რეპრესიების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხომ ნდობის დაკარგვას უკავშირდება.
ეროვნული ბანკის საბჭოს რიგითი წევრის პოსტი არის ბუტაფორია. მათ არავინ არაფერს ეკითხება და არ არის ისეთი თანამდებობა, რომ რაიმე გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. აქაც, როგორც ჩანს, შერჩევითი სამართლის პრინციპი მოქმედებს, თორემ რამდენი სახელმწიფო მაღალმოხელეა, რომლის ოჯახის წევრებიც ბიზნესწილებს ფლობენ?
დაბოლოს – ნანა ყეინიშვილს იმუნიტეტი იცავს: ვერც გადააყენებენ და პარლამენტის ნებართვის გარეშე ვერც იმუნიტეტს მოუხსნიან.
პარლამენტში მის მიერ წამოწეული საკითხის განხილვაღა აკლდა ამ მომჩივან „ბიტექსჩეინჯს“.
ინფორმაციისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის მუხლით დაიწყო.
პროკურატურის ცნობით, გამოძიება ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე დაიწყო.


















