რომან გოცირიძე – ვანო მერაბიშვილს საკუთარი კანდიდატურა ახალციხეში რომ დაეყენებინა, არჩევნებს მოიგებდა

ვანო მერაბიშვილს საკუთარი კანდიდატურა ახალციხეში რომ დაეყენებინა, არჩევნებს მოიგებდა, რადგან მას საკმარისი ავტორიტეტი აქვს, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძე ასევე გამოეხმაურა ვანო მერაბიშვილის განცხადებას, რომ „ოპოზიციიდან უფრო ხშირად ისმის პოლიტიკური ვაჭრობა“. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თქმით, ეს არის არა ვაჭრობა, არამედ კონსულტაციებია.

„ვანო მერაბიშვილმა ამ ციკლში პოლიტიკურ საქმიანობაზე უარი თქვა. ჩემი პოზიციაა, მას საკუთარი კანდიდატურა ახალციხეში რომ დაეყენებინა, არჩევნებს მოიგებდა, რადგან მას საკმარისი ავტორიტეტი აქვს. როგორც ჩანს, გადაწყვიტა, ჯერ პოლიტიკურ ცხოვრებას განერიდოს და საზოგადოებრივად აქტიური ადამიანი იყოს. ის, რომ პოლიტიკური პარტიები ერთამანეთთან ვაჭრობენ, შეიძლება სხვანაირად ვთქვა, რომ კონსულტაციას გადიან. პოლიტიკური პროცესი არის – ვაჭრობაც, გარიგებაც, კონსულტაციაც და სამწუხაროდ, ცუდმა პარტიებმა იციან გადაგდებაც. ეს არის პოლიტიკური ცხოვრება. ჩვენ ამ საარჩევნო ციკლში პატიოსნად მოვედით, არავინ მოგვიტყუებია და პარტიებთან უპრეცედენტო გარიგება გავაკეთეთ დედაქალაქის სახით. სიტყვა – „ვაჭრობას“ მაკომპრომიტირებელ გამონათქვამად არ განვიხილავდი. რაც შეეხება პოლიტიკურ ვაჭრობაზე გამონათქვამს, ეს იყო უკვე ამ პოლიტიკური პროცესიდან გათიშული ადამიანის, უკვე ნეიტრალური გაბრაზებული ადამიანის გამონათქვამი, რომ მეტი კონსოლიდაცია არის საჭირო ოპოზიციას შორის. ეს შეიძლება სამომავლოდაც გაფრთხილება იყოს, რომ მთავარია, არა ვაჭრობა, არამედ კონსოლიდაცია, რომ ხელისუფლება შევცვალოთ. ბუნებრივია, როცა არჩევნები დამთავრდება, მთავრობის ფორმირებაში იქნება სხვადასხვა ინტერესები გამოხატული. გინდ, ამას ვაჭრობა უწოდეთ და გინდ, შესაბამისი ზომით პრეტენზიების გამოთქმა“, – განაცხადა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიჰერალდიკის საბჭო პრეზიდენტის დროშაზე-პროცესი დაცლილია პოლიტიკური შემადგენლისგან
შემდეგი სტატიამთავრობის ადმინისტრაციამ „კოვიდ-19“-ის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ კვლევის პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა