რომან გოცირიძე – უნდა შედგეს სია და გადაეცეს ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოს, მათ არ უნდა ეღირსოთ ევროპასა და ამერიკაში მგზავრობა, დაე იარონ მოსკოვში, ვლადივოსტოკსა და სვერდლოვსკში

„უნდა შედგეს იმ მოსამართლეების, პროკურორების და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლების სია, რომლებიც ეწევიან პოლიტიკურ დევნას, პოლიტიკური პარტიის ზონდერები არიან, და რომლებიც საქართველოში ფეხქვეშ თელავენ სასამართლო სისტემას“, – განაცხადა ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრმა, რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე.

„ჩვენ მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის საოცარი განცხადება, რომელიც პირდაპირ აშანტაჟებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და მოუწოდებს არ გაბედოს იმ მოსამართლეების „შეწუხება“ რომლებიც შემჩნეული არიან პოლიტიკურ დევნაში, რომლებიც ემსახურებიან ხელისუფლებას და გამოაქვთ პოლიტიკური გადაწყვეტილებები.

უფრო მეტიც, აშანტაჟებენ, ემუქრებიან და ამბოხისაკენ მოუწოდებენ იმ მოსამართლეებს, რომლებიც ახლა აშშ-ში უნდა წავიდნენ კვალიფიკაციის ასამაღლებლად, და პირდაპირი ტექსტით არის საუბარი, რომ თუკი ის პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამომტანი მოსამართლე არ წამოვა თქვენთან ერთად, თქვენ უარს იტყვით ამ პროგრამაში მონაწილეობაზეო.

თომას ჯეფერსონი მოგვიყვანეს მაგალითად, თომას ჯეფერსონი, რომელიც არის ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ავტორი, რომელმაც ყველაზე ხმამაღლა ამ დეკლარაციაში განაცხადა სამართლიანი სასამართლოს უფლების შესახებ და სწორედ სასამართლოს დამოუკიდებლობა არის ამ ქვეყნის არსებობის ქვაკუთხედი, როგორ იკადრებს ჯეფერსონის ქვეყანა სანქცია დაუწესოს მოსამართლეებსო. როგორ იკადრებს და იკადრა. გავიხსენოთ სულ ახლახან რა მოხდა – 43 მოსამართლეს, პროკურორს და უშიშროების სამსახურის თანამშრომელს დაუწესა სანქცია, სავიზო შეზღუდვები და გაუყინა ქონება ბელორუსიაში. უფრო ადრე ასევე 66 მოსამართლეს, პროკურორს და იგივე პირებს დამატებული ზოგიერთი უმაღლესი სასწავლებლის რექტორები, რომლებიც სტუდენტებს აშინებდნენ და გარიცხვით ემუქრებოდნენ თუ ისინი საპროტესტო აქციებში მიიღებდნენ მონაწილეობას, – აი როგორ იკადრა ჯეფერსონის სამშობლომ.

და მთავარი, იყო ძალიან კარგი ინიციატივა პოლიტიკური პარტიებისა, რომ შემდგარიყო იმ მოსამართლეების, პროკურორების და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლების სია, რომლებიც ეწევიან პოლიტიკურ დევნას, პოლიტიკური პარტიის ზონდერები არია, და რომლებიც საქართველოში ფეხქვეშ თელავენ სასამართლო სისტემას. გინდ შავი უწოდეთ და გინდ შავბნელი საქმეების გამტარებელი ადამიანების სია, ეს სია უნდა შედგეს, უნდა გადაეცეს ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს – ევროპის, ევროკავშირის, კანადის შშ-ის მთავრობებს და მათ არ უნდა ეღირსოთ ევროპასა და ამერიკაში მგზავრობა, დაე იარონ მოსკოვში, ვლადივოსტოკსა და სვერდლოვსკში“, – განაცხადა რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშიშიდა ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიასაქართველოს დელეგაცია ნატოს კიბერთავდაცვის კომიტეტის სხდომას დაესწრო