რომან გოცირიძე: სესიაშვილმა უგუნური კანონპროექტი შემოიტანა

“სესიაშვილმა უგუნური კანონპროექტი შემოიტანა”-აცხადებს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე.

_ ბატონო რომან, რატომ გადაიდო კანონპროექტის განხილვა, რომელიც სესიაშვილის მიერ იყო ინიცირებული? აცხადებთ, რომ სხვა სიგნალები მიიღესო, რას გულისხმობთ და რატომ არის დისკრიმინაციული ეს კანონპროექტი?
_ ეს კანონპროექტი უგუნური კანონპროექტი იყო. ფაქტობრივად შუღლის ჩამომგდები ქართულ საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, ეს არის დისკრიმინაციული, კანონი არის ანტიკონსტიტუციური და ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს და იმ საერთაშორისო კანონმდებლობებს, რომელსაც ჩვენ ვართ მიერთებული. ეს იყო რაღაც მცდელობა სიტუაციის გამოსვლიდან, იმ სიტუაციიდან, რომელშიც ხელისუფლება გირჩმა ჩააყენა.
_ გირჩი რამდენად სწორად მოიქცა ამ შემთხვევაში?
_ გირჩმა გამოიყენა საკანონმდებლო შესაძლებლობა, განახორციელა დადებითად პროვოკაციული აქცია და არა მარტო ამ შემთხვევაში, რელიგიური ორგანიზაციის ჩამოყალიბების კუთხით, არამედ თუნდაც იგივე მარიხუანასთან დაკავშირებით. გირჩმა რეალურად გამოიწვია ხელისუფლება და ამით ისინი არ გამცდარან კონსტიტუციურ ჩარჩოებს. საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული გადაწყვეტილება მიიღეს და შესთავაზეს ხელისუფლებას პაექრობა.
_ გამოუვიდათ ხელისუფლებასთან პაექრობა?
_ ხელისუფლებამ კი ამ პრობლემის გადაწყვეტა მოინდომა ყველაზე ხისტი და პრიმიტიული ფორმით. საერთოდ აკრძალა ნებისმიერი რელიგიური დაწესებულებებისათვის, გარდა მართლმადიდებლური ეკლესიისა. პროექტის მიხედვით კანონის ის ნორმა უქმდება, რომლის მიხედვით პირები, რომლებიც არიან მღვდელმსახურები ან სასულიერო სასწავლებელში სწავლობენ, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით სარგებლობენ. მათ იმდენი ჭკუაც არ ეყოთ, რომ გამოსავალი რაღაც სხვა ფორმით მოეძებნათ, ისე, რომ მათი გადაწყვეტილება არ ყოფილიყო ანტიკონსტიტუციური. სხვათა შორის, ასეთი მცდელობები დასავლეთის ბევრ ქვეყანაშია, როდესაც, ერთი მხრივ, ხელისუფლების გამოწვევა ხდება, მეორე მხრივ, რელიგიური დოგმების გარღვევა. საქართველოში რომ გირჩმა ეს შეძლო, ეს მარტო გირჩის კრიატიულობას კი არ უსვამს ხაზს…
_ კიდევ რას უსვამს ხაზს?
_ არამედ ხაზს უსვამს იმასაც, რომ ქვეყანაში, გარკვეულ სფეროებში არსებობს დემოკრატიული პროცესები. პირდაპირ შეეძლოთ, რომ რეგისტრაციაშიც კი არ გაეტარებინათ ეს ორგანიზაცია. ვინაიდან ეს ორგანიზაცია გატარდა და მან შემდეგ აი ასეთი, ძალიან სკანდალური სახე მიიღო, ძალიან მასობრივი გახდა და ჯარიდან თავის არიდების ერთ-ერთი მექანიზმი შეიქმნა. ამის საპირწონედ სწორედ რომ სხვანაირი ნაბიჯების გადადგმა შეეძლო ხელისუფლებას და არა იმ ფორმით, როგორადაც ის მოიქცა.
_ რატომ დაიხია უკან სესიაშვილმა?
_ იმიტომ, რომ ეს ანტიკონსტიტუციურია, ამას სერიოზული რეაქცია მოყვა სხვა რელიგიური კონფესიების მხრიდან. ასევე არ არის გამორიცხული, რომ საერთაშორისო შენიშვნებიც იყო, მაგრამ რაც მთავარია, ეს ყველაფერი არის ჯანსაღი პროცესი.
_ რა არის ჯანსაღი პროცესი?
_ თავად გირჩის მიერ ამ ორგანიზაციის დაფუძნება, კიდევ მფრინავი ეკლესიების მსგავსი რაღაცები. ან თუნდაც ხელისუფლების გამოწვევა მარიხუანის დათესვისას, რამდენად ჯდებოდა ეს ყველაფერი კანონში, ვნახეთ, რომ საკუთარ ოფისში დათესეს მარიხუანა. ამ ყველაფერზე დავა მიდიოდა სამართლებრივ ჩარჩოებში. ასეთი შეჯიბრებით სამოქალაქო საზოგადოების და ხელისუფლების, მათ შორის საკანონმდებლო შეჯიბრებითობით, ქვეყანაში იზრდება საზოგადოება და ყალიბდება დემოკრატია. სწორედ პრობლემის გადაჭრის ან რაიმე პრობლემის არსებობაზე თუნდაც პროვოკაციული ფორმით ამ პრობლემის წარმოჩენა, ეს უკვე არის დემოკრატიული ცხოვრების ერთ-ერთი ნორმა. ეს ყველაფერი, რაც ახლა ხდება, არის ჯანსაღი პროცესი.
_ სესიაშვილის ქმედება არ არის ჯანსაღი პროცესი?
_ სხვათა შორის, ის რომ სესიაშვილმა ამაში პრობლემა დაინახა და ქმედება დაიწყო, ესეც ჯანსაღი პროცესია. ასევე ჯანსაღი პროცესია ისიც, რომ ამ კანონპროექტის განხილვა შეჩერდა, რადგან ამაზე კონსტიტუციამ იმოქმედა. არის საკითხები, რომელთან შეხება არის საკმაოდ საფრთხილო და, პირველ რიგში, ეს ეხება ადამიანის რელიგიურ უფლებებს და განსაკუთრებით, თუ მასში რაიმე დისკრიმინაციის ნიშნები არის. ამიტომ, თუნდაც ის, რომ ეს კანონი შეჩერდა, ესეც არის საზოგადოების სწორი რეაგირების შედეგი.
_ სესიაშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეექმნას თავდაცვის სექტორს, რადგან მარტო წელს, სწორედ ამ მუხლის გამოყენებით, 6900 წვევამდელმა აარიდა თავი სამხედრო სავალდებულო სამსახურსო. ეს არაკეთილსინდისიერი საქციელიაო. ამაზე რას იტყვით?
_ რა გამოიყენა, გირჩის რელიგიური ორგანიზაცია გამოიყენა? თუ რომელიღაც სხვა პატარა თუ დიდი ორგანიზაცია? ამ ყველაფერს სჭირდება ანალიზი, სჭირდება შესწავლა. რატომ არ მიმართავენ ალტერნატიულ სამსახურს, როდესაც აქვთ უფლება, რომ ვისაც ჯარში წასვლა არ უნდა რელიგიური მოსაზრებებით, ალტერნატიული შრომითი საქმიანობის უფლება გამოიყენოს და ასე შემდეგ. ასე რომ, ასე ხელაღებით არც ეს რიცხვი გვაძლევს არაფერს და, მით უმეტეს, არც ის კანონი, რომელიც ამ კუთხით იქნა შემოთავაზებული. აქ წინა პლანზე წამოსწიეს პატრიოტული რიტორიკა, რომ აი, სამშობლოს დაცვა სჭირდება. სამშობლოს, პირველ რიგში, იცავს დემოკრატია! თავისუფლებიდან და დემოკრატიიდან იწყება სამშობლოს დაცვა. თავისუფალი ადამიანი არის სამშობლოს ყველაზე კარგი დამცველი.
_ უმრავლესობას ზოგადად სჩვევია, რომ ჯერ შემოიტანენ კანონპროექტს და მერე უკან დაიხევენ ხოლმე, რატომ, ნიადაგს სინჯავენ?
_ დიახ, ეს არის მოსინჯვა საზოგადოებრივი აზრის. საზოგადოებრივი აზრი იყო ნეგატიური და ამ ამბავმა უკან დაახევინა. საზოგადოებამ შეაფასა, რომ ეს არ იყო შესაბამისობაში ჩვენს კანონმდებლობასთან. კარგია, რომ ქვეყანაში ყალიბდება სამართლებრივი კულტურა. ამ სიტუაციაში ეს ყველზე მთავარია.

ნონა ცაბაძე

გაზეთი “ახალი თაობა”

 

banner
წინა სტატიაშიკოლეგებთან ნებისმიერი არგუმენტებით კამათი აზრს კარგავს, რადგან არსებობს შიდაპარტიული ზეწოლა
შემდეგი სტატიათავდასხმების ახალი სერია თბილისის სავაჭრო ობიექტებზე – ბოროტმოქმედებმა პოლიციის შენობის წინ მდებარე “სპარი” დააყაჩაღეს