რომან გოცირიძე : სად არის გარეჯი გადაცემული სხვისთვის, რომელ დოკუმენტში, ვინ მოაწერა ხელი? ეს არის ტყუილი

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე სექტემბერი 30, 2020 12:39

რომან გოცირიძე : სად არის გარეჯი გადაცემული სხვისთვის, რომელ დოკუმენტში, ვინ მოაწერა ხელი? ეს არის ტყუილი

გარეჯის საკითხი გაამწვავა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მოსიარულე საფრთხეს ვუწოდებ, – აცხადებს თემის კომენტირებისას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

გოცირიძე ამბობს, რომ „წინასაარჩევნოდ დავით გარეჯის თემის შემოგდება ხდება“.

„ფაქტობრივად, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, ღალატი ქვეყნის ინტერესების. არ დამთავრებულა დემარკაცია-დელიმიტარიზაციის პროცესი. გარეჯის საკითხი გაამწვავა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მოსიარულე საფრთხეს ვუწოდებ.

გარეჯი არის ხელისუფლების სინდისზე. როცა ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ამ თემით სპეკულირებას იწყებს, ეს უპასუხისმგებლობა კი არ არის, არამედ ნებისმიერ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაზე წასვლა ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. კერძოდ, ფულისა და ძალაუფლებისთვის. შეადარეთ, რა იყო იმ ხელისუფლებისთვის გარეჯში, ღია და თავისუფალი ტურისტებისთვის. მიდიოდა პროცესი, რომ ეს საკითხი ჩვენი ქვეყნის ინტერესების სასიკეთოდ გადაწყვეტილიყო, მათ შორის საუბარი იყო ტერიტორიის გაცვლაზე. დღეს რა მივიღეთ? ჩაკეტილი გარეჯი, გამწვავებული ურთიერთობები. ტყუილია, თითქოს, ვიღაცამ გარეჯი ვიღაცას გადასცა. არ არის დელიმიტაციის პროცესი დასრულებული და პირიქით, მიდიოდა წინა ხელისუფლების დროსაც ხანგრძლივი პროცესი იმასთან დაკავშირებით, რომ დავით გარეჯი უდიდესი სულიერების მემკვიდრეობის ძეგლი ყოფილიყო საქართველოს ტერიტორიაზე იმ ფარგლებში, რომელიც არ იქნებოდა სადავო და ამის მექანიზმი იყო ასევე ტერიტორიების გაცვლა მიღებული საერთაშორისო ნორმებით.

სად არის გარეჯი გადაცემული სხვისთვის, რომელ დოკუმენტში? ვინ მოაწერა ხელი? ეს არის ტყუილი. დემარკაციის პროცესი მიმდინარეობს. რვა წლის განმავლობაში პროცესი უკან წავიდა. შეადარეთ რვა წლის წინანდელი და დღევანდელი მდგომარეობა. სანატრებელია ის მდგომარეობა, როცა თავისუფლად გადაადგილდებოდნენ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

გუშინ, საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა 24 სქტემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ახალი კარტოგრაფიული მასალები და დოკუმენტები მოვიძიეთ, რამაც შესაძლოა, 2006-2007 წელს მიღწეული შეთანხმების გადახედვის აუცილებლობა გამოიწვიოს“.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე სექტემბერი 30, 2020 12:39