“საქართველოს რითეილ ასოციაციამ, რომელიც აერთიანებს ქსელურ სუპერმარკეტებს, მთავრობის მიერ ორგანიზებული პროპაგანდისტული კამპანიის ფარგლებში გაავრცელა განცხადება, რომელიც არის ანტიკონსტიტუციური და ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს კონკურენციის შესახებ. ამ განცხადებიდან ვიგებთ, რომ თურმე სუპერმარკეტები აპირებენ „სოციალურად მგრძნობიარე საქონელზე“ ფასების კოორდინირებულად დაწესებას. ამ კამპანიას არაფერი აქვს საერთო ჯანსაღ კონკურენციასთან, რომელიც არის ფასების შემცირების გარანტი და არა კარტელური გარიგება ხელისუფლების მიერ მართულ ბიზნესებს შორის. ამ გზით ფასების შემცირება შეუძლებელია, პირიქით, იგი მისი შემდგომი ზრდის მიზეზი გახდება.
საქართველოში კანონით აკრძალულია არა „მაღალ“ ან „დაბალ“ ფასზე შეთანხმება, არამედ საერთოდ ფასებზე კოორდინაცია კონკურენტებს შორის.
კანონი კონკურენციის შესახებ კრძალავს კონკურენტებს შორის ისეთ შეთანხმებებს, რომლებიც:
- ადგენს ფასებს პირდაპირ ან არაპირდაპირ;
- ან ზღუდავს ფასების ფორმირებას ბაზარზე;
- ან კოორდინაციას უწევს კომერციულ პირობებს (რასაც ეს ე.წ. რითეილ ასოციაცია აკეთებს).
ეს არის ე.წ. ჰორიზონტალური შეთანხმებების აკრძალვა.
მთავარი პრინციპი ის არის, რომ კონკურენტებმა დამოუკიდებლად უნდა დაადგინონ ფასი.
თუ ყველა ვამცირებთ ფასს რაღაც დასახელების პროდუქტზე, რადგან იგი სოციალურად მნიშვნელოვანია, ვაკეთებთ ერთნაირ ფასდაკლებას და ასე შემდეგ — ეს არის უკანონო განცხადება. აქ არ აქვს მნიშვნელობა მაღალია თუ დაბალი ფასი; უკანონობა არის კოორდინაცია.
ქსელური სუპერმარკეტების ასეთი გარიგება ამცირებს კონკურენციას, ხელს უშლის ფასის დამოუკიდებელ ფორმირებას, საბოლოო ჯამში კი იწვევს არაქსელური სავაჭრო ობიექტების გაკოტრებას. ეს კონკურენტების ჩამოცილების ცნობილი ხერხია. საბოლოოდ ეს პროცესი მთავრდება ფასების კიდევ უფრო მეტად ზრდით.
ის პროპაგანდისტული კამპანია, რაც ერთმანეთში გარიგებულმა სუპერმარკეტებმა წამოიწყეს მთავრობის საამებლად, საუკეთესო შემთხვევაში მომხმარებლისთვის შეიძლება იყოს მოკლევადიანი, მცირეოდენი დადებითი შედეგის მომტანი (პირადად მე ამის არ მჯერა და ამას მალევე ვიხილავთ), მაგრამ საბოლოო ჯამში ეს მცდელობა გამოიწვევს მათი დომინანტური მდგომარეობის კიდევ უფრო განმტკიცებას და მომხმარებლის დაზიანებას.
როგორც ყველა პოპულისტური პოლიტიკური კამპანია, ესეც წარუმატებლობისთვისაა განწირული. სამარცხვინოა, რომ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის ამ სახელისუფლებო პროპაგანდაში დაშინებული ბიზნესიც იღებს მონაწილეობას.
დასკვნა: ე. წ. რითეილ ასოციაციის განცხადება, რომელიც აანონსებს ფასების წინასწარ შეთანხმებას, ერთობლივ საფასო სტრატეგიას, ასოციაციის მეშვეობით კოორდინაციას, არის ანტიკონსტიტუციური და ემსახურება ხელისუფლების პასუხისმგებლობის აცილებას ქვეყანაში მიმდინარე მზარდ ინფლაციურ პროცესებზე”,_ წერს სოციალურ ქსელში რომან გოცირიძე.
გუშინ რითეილ ჯორჯიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: ” წევრმა კომპანიებმა დაიწყეს საოჯახო კალათის ფარგლებში იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, რომლებზეც ვრცელდება სპეციალური საფასო პოლიტიკა”
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ დასკვნა 1 მაისს გამოაქვეყნა. კომისია პარლამენტში თებერვალში 3-თვიანი უფლებამოსილების ვადით შეიქმნა და 11 სხდომა გამართა. დასკვნით სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა თქვა, რომ ძირითადი პრობლემა არა გადაჭარბებულ მოგებაში, არამედ არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებშია.















