რომან გოცირიძე : „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის წარდგენას შალახო აკლდა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გიცირიძის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ გუშინ საარჩევნო პროგრამა არ წარუდგენია და საკუთარი საშინელი რვაწლიანი მმართველობის გამართლებას შეეცადა.

როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის წარდგენაზე 17 წლის წინანდელ წარსულზე ისაუბრეს.

„სად არის პროგრამა? პროგრამა წარმოადგინეს, დიდი ქორწილი გამართეს და პატარძალი არ იყო. ეს არის „ქართული ოცნების“ სიცრუე და თვალში ნაცრის შეყრა. პროგრამა კი არ წარმოადგინეს, საკუთარი საშინელი რვაწლიანი მმართველობის გამართლებას შეეცადნენ; იმ რეჟიმის, რომელმაც ქვეყანა უკიდურეს სიღარიბეში ჩააგდო. რვაწლიან წარსულზე კი არ ილაპარაკეს, არამედ მთელი დრო დაეთმო რვა წლის წინა ცხრაწლიანი წარსულის ძაგებას. ანუ, დღეს საუბრობენ 17 წლის წინანდელ ამბებზე. 17 წლის წინ ვის დაესიზმრებოდა, რომ ილონ მასკი სამყაროს ინტერნეტით დაფარავდა და კოსმოსში სამი ათას ზონდს გაუშვებდა? ის მოყევი, 17 დღის შემდეგ რა მოხდება და რა ელოდება ლარსა და ფასებს. არც ერთი სიტყვა არ ყოფილა ეკონომიკაზე. ქვეყნის ეკონომიკა დააქციეს, ქვეყანა კორუფციამ და ბიუჯეტის ძარცვამ წალეკა.

გამდიდრდა ივანიშვილი და მასთან დაახლოებული კასტა ბიუჯეტიდან მოპარული ფულით. მეღვინეებმა და მეგზევეებმა თავი პარლამენტის სიებშიც ამოყვეს, რომ კიდევ მოიპარონ ბიუჯეტიდან ფული. ამას ვერ მოესწრებიან, სხვა პარლამენტი და სხვა ადამიანები იქნებიან. ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა იყო სასოწარკვეთილი ადამიანის მიმართვა, რომელსაც ის არგუმენტიც არ შემორჩა, ერთი წელი მომეცით და ქვეყანას ისე დავალაგებ, როგორც დაგიბარებიათო. ევროპა და ამერიკა როგორც გააკვირვა, კი ვნახეთ და ქართველი ხალხი შოკში ჩააგდეს. ეს არის პოლიტიკურ სანაგვეში მიმავალი პარტიის რექვიემი“, – განაცხადა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარიამ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს თვითმმართველობის გაძლიერების საკუთარი ხედვა გააცნო
შემდეგი სტატიაცესკო ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიას აგრძელებს, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ბარათების დარიგება დაიწყო