რომან გოცირიძე: პოლიცია უკვე გამოსულია საპარლამენტო და ზოგადად, საზოგადოებრივი კონტროლიდან

„პოლიცია უკვე გამოსულია საპარლამენტო და ზოგადად, საზოგადოებრივი კონტროლიდან,“ – ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ნუცუბიძის პლატოზე მომხდარი ინცინდენტის შეფასებისას გააკეთა. საპარლამენტო ოპოზიცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შს მინისტრის პარლამენტში გამოცხადებას მოითხოვს.

ნუცუბიძის ფერდობზე ახალგაზრდა მამაკაცი იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც მას საპატრულო ეკიპაჟი ხელბორკილებს ადებდა. ნუცუბიძის მეოთხე მიკრო რაიონში მომხდარი ტრაგედია ოპოზიციის განცხადებით, სისტემური პრობლემის შედეგია.

რომან გოცირიძის განცხადებით, არ არის გამორიცხული, შს მინისტრის გარდა, მთლიანად ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

„ბუნებრივია, ეს არ არის მხოლოდ შსს-ს პრობლემა, ეს არის მთავრობის პრობლემა, როდესაც იცავენ თავისიანებს… ამ საკითხის ირგვლივ არ არის გამორიცხული, რომ არა მხოლოდ მინისტრის, არამედ მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხიც დავაყენოთ. ვინაიდან, ეს არ არის მხოლოდ ერთი სამინისტროს პრობლემა, იკვეთება უამრავი დანაშაული, მათ შორის, მთავრობის მხრიდან,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ნუცუბიძის ქუჩაზე გარდაცვლილი მამაკაცის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიSoufan Group : „ისლამური სახელმწიფოს” რიგებში სირიასა და ერაყში საქართველოდან 200-მდე ადამიანი იბრძვის
შემდეგი სტატია“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი, თენგო გოგოტიშვილი უკრაინაში არ შეუშვეს