რომან გოცირიძე: ფინანსთა მინისტრი რომ დადგება ტრიბუნასთან მოველანდები

როდესაც შენ ეს წითელი ხაზი გადაკვეთე, წახვედი დათმობაზე და პლებისციტის თემა შესთავაზე, კეთილი ინებოს ხელისუფლებამ და მანაც უნდა დათმოს, ჯორივით ჯიუტად ნუ შეჯდება იმაზე, რომ რიგგარეშე არჩევნებზე არ იფიქრებს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

გოცირიძის განმარტებით, ოპოზიციის მხრიდან გაზაფხულზე პლებისციტის ჩატარების შესახებ გაჟღერებული წინადადება, დათმობა იყო, რადგან ოპოზიციას არანაირი გარანტია არ აქვს, რომ პანდემიით დაღლილი მოსახლეობა შემოდგომით რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მხარს დაუჭერს.

„ერთპარტიული პარლამენტი, იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანა დგას ზღურბლზე ევროკავშირსა და ნატო-სთან დაახლოების კუთხით და როცა საჭიროა სერიოზული სახელმწიფოს იმიჯის ქონა, ბუნებრივია, რომ ასეთ შემთხვევაში, უნდა წავიდეს ერთიც და მეორე მხარეც დათმობაზე. წითელი ხაზებით დაიწყო საუბარი, მაგრამ დათმო ოპოზიციამ, ოპოზიციის დათმობაა ის, რაც შესთავაზა. როდესაც ვსაუბრობთ პლებისციტზე, პლებისციტი ნიშნავს, რომ შედიხარ პარლამენტში, მუშაობ, ცვლი კონსტიტუციას, მუშაობ კანონებზე, გარდა ამისა, ნიშნავ გაზაფხულზე გამოკითხვას და ამ გამოკითხვის შედეგი უდიდესი დათმობა და რისკი იყო პოლიტიკური პარტიების მხრიდან, რადგან ხალხს რომ ეკითხები, გვინდა თუ არა ოქტომბერში რიგგარეშე არჩევნები, უარი რომ გითხრას ხალხმა, პანდემიის შემდეგ გადაღლილმა ანდა ხელისუფება ავტობუსებით მიიყვანს ბოლოს და ბოლოს ხალხს და რა გარანტია გაქვს, რომ ამ პლებისციტში მოიგებ. თანაც გამოდის, რომ პლებისციტის შემდეგ, ოქტომბრამდე, მომავალ არჩევნებამდე შენ მუშაობ ამ პარლამენტში, როდესაც არალეგიტიმურად აღიარებულ პარლამენტში შესვლაზე ყველა ამბობდა უარს. ეს არ არის დათმობა ?“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე განცხადებით, მმართველი პარტიისთვის პარლამენტში ოპოზიციის გარეშე ყოფნა სერიოზული დისკომფორტია, რადგან მათ მოსაზრებებს ოპონენტები არ ჰყავს. გოცირიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას ოპონირებას გარედანაც არ მოაკლებს, ყოველდღიური საპარლამენტო ცხოვრება მაინც სხვაგვარია.

„სერიოზული დისკომფორტია, წარმოიდგინეთ, გამოდის პრემიერ-მინისტრი ან ფინანსთა მინისტრი და ლაპარაკობს რაღაცაზე, რომელსაც ოპონენტი არ ჰყავს. ოპონირებას არ მოვაკლებ და დღეს ვიხუმრე, რომ ფინანსთა მინისტრი რომ დადგება ტრიბუნასთან, უნდა გაიხედოს მარჯვენა მხარეს და მესამე რიგის მესამე სკამზე მოველანდები მე, შეიძლება იფიქროს, რომ იქ არავინ ზის, მაგრამ ვზივარ იმიტომ, რომ გარედან გვექნება დიდი ზეწოლა და არავის არ შევარჩენთ ბიუჯეტის ფლანგვას და თუნდაც იმ შეცდომებს, რასაც პარლამენტში ჩაიდენენ, მაგრამ ერთია, როდესაც ოპოზიციას გაქვს რაღაც ბერკეტები გარედან და მეორეა, როდესაც შიგნით ხარ და მონაწილეობ ყოველდღიურ საპარლამენტო ცხოვრებაში,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

მან არ გამორიცხა, რომ ხელისუფლება საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, იძულებული გახდეს წითელი ხაზები გადაკვეთოს და პლებისციტს დასთანხმდეს ან თუნდაც სერბულ მოდელთან დაკავშირებით გააკეთოს შეთავაზება.

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილი კობა გვენეტაძეს: რამდენად შესაძლებელია, რომ თავად სახელმწიფომ უზრუნველყოს კონტროლი საპენსიო ბარათების საპროცენტო განაკვეთებსა და პენსიის გაცემის სერვისზე?
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – ჩასატარებელია საგადასახადო შეღავათების და შემოსავლების სამსახურის ეფექტური მუშაობის აუდიტი და ეს სწრაფად არის გასაკეთებელი, რადგან ფისკალური კონსოლიდირება ქვეყანაში სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება