რომან გოცირიძე : მთავრობის ტყუილ-მართალი ბიუჯეტის პროექტში გამოჩნდება

admin
ავტ.: admin ივნისი 8, 2020 12:57

რომან გოცირიძე : მთავრობის ტყუილ-მართალი ბიუჯეტის პროექტში გამოჩნდება

ბიუჯეტის პროექტში გამოჩნდება მთავრობის ტყუილ-მართალი, – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმითც დოკუმენტში ასახული უნდა იყოს ყველა ის დაპირება, რაც მთავრობის მხრიდან ბოლო თვეების განმავლობაში გაიცა.

“თუ მთავრობამ კიდევ ერთხელ არ მოგვატყუა, 2020 წლის ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი პარლამენტში დღეს უნდა შემოვიდეს. მასში ასახული უნდა იყოს ყველა ის დაპირება, რასაც ვისმენდით ბოლო თვეების განმავლობაში. სანამ არ არის ბიუჯეტი და სანამ არ იქნება იგი ასახული რეალურ რიცხვებში, მთავრობის ნებისმიერი განცხადება არის მხოლოდ და მხოლოდ ფუჭი დაპირება. დოკუმენტში ასახული უნდა იყოს ის მრავალმილიარდიანი დახმარებები, რაზეც საუბარი იყო. როგორც ამბობენ, ბიუჯეტში დახმარების სახით 5 მილიარდი უნდა იყოს მიღებული, რომელიც შემდეგ უნდა განაწილდეს ბიზნესსა და მოქალაქეებზე. ვიცით, რომ მოქალაქეებს ფაქტობრივად არაფერი ერგებათ, რადგან მათი დახმარება მინიმალურია და თანაც მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილისთვის. დანარჩენი როგორ იქნება ბიუჯეტში განაწილებული, ამას დღეს ვნახავთ. სამწუხარო ის არის, რომ პროცედურულად ბიუჯეტს მივიღებთ თვის ბოლოს. ამ ერთი თვის განმავლობაში კი კვლავ ბევრი დახმარების გაცემა იქნება კითხვის ნიშნის ქვეშ, ვინაიდან თუ არ ექნა მას პარლამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფა, მთავრობის დაპირებები მხოლოდ და მხოლოდ ფუჭი განცხადებებია. ბიუჯეტის პროექტში გამოჩნდება მთავრობის ტყუილ-მართალი,”- განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, ბიუჯეტში ასახულია ე. წ. ანტიკრიზისული დაპირებები, რომლებიც შემოსავლების გარეშე ტოვებს ასობით ათას უმუშევრად და საარსებო წყაროს გარეშე დარჩენილ ჩვენს მოქალაქეებს. “მწირი სოციალური დახმარებების გარდა, რაც ნაწილდება, არის არაეფექტიანი და კორუფციული. მაგალითად, ზოგიერთი სამშენებლო კომპანიის სესხების სუბსიდირება. კატასტროფულად იზრდება სახელმწიფო ვალი და უახლოვდება კრიტიკულ 60 პროცენტს. ასევე, ბიზნესსდაპირებების დიდი ნაწილი იყო ტყუილი, რაც სულ მალე გამოჩნდება ბიუჯეტში,” – განაცხადა გოცირიძემ.

admin
ავტ.: admin ივნისი 8, 2020 12:57

Google სტატისტიკა


7,810
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics