რომან გოცირიძე: მთავრობამ მორიგი დანაშაულებრივი ნაბიჯი გადადგა

მთავრობამ მორიგი დანაშაულებრივი ნაბიჯი გადადგა. საქმე გაზის სექტორთან დაკავშირებულ ახლახან მიღებულ გადაწყვეტილებას ეხება.

როგორც ცნობილია, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენით გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ საქართველო უფასოდ იღებს გაზის ერთ ნაწილს, მეორე ნაწილს შეღავათიან ფასად, ხოლო დანარჩენს ყიდულობს კომერციულ ფასში. ასევე გვეკუთვნის ფული(გაზი) რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანსპორტირების სანაცვლოდ. ეს ჩვენი სახალხო სიმდიდრეა. ამას აზიან წურბელასავით ხელისუფლების მაღალჩინოსნები, მათი სანათესავო, მათ მიერ შექმნილი ფირმები და განკარგავენ საქვეყნო სიმდიდრეს საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ.
ქვეყნის გაზის სისტემა ფინანსურად გაკოტრებულია. ამ სფეროში მომუშავე სახელმწიფო კომპანიები ყოველწლიურად ასეულობით მილიონი ლარის ზარალს განიცდიან. ყაზტრანსგაზთბილისმა, რომელსაც ეკუთვნის თბილისის გაზგამანაწილებელი სისტემა, 80 მილიონამდე ლარის ოდენობის ვალი დააგროვა სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე წლების წინ. იგი ყიდულობდა ზემოთნახსენებ ჩვენს კუთვნილ გაზს სახელმწიფო ორგანიზაციებისაგან, არ იხდიდა ფულს და ასე დაუგროვდა ეს დავალიანება. ამის გამო, ყაზტრანსგაზთბილისში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცხრა წლის წინ დაინიშნა დროებითი ადმინისტრაცია, ანუ ყაზახები ჩამოაშორეს მმართველობას ამ ვალების დაფარვისა და კომპანიის გაჯანსაღების მიზნით. ამ წლების განმავლობაში ვალი არა თუ ვერ იქნა გასტუმრებული, არამედ პირიქით, გსიზარდა და დღეისათვის იგი 96 მილიონ ლარს შეადგენს. ფაქტობრივად, გაზის ეს კომპანია ოცნების ხელისუფლების ჩინოვნიკების სახრავად იქცა.
ახლახან, საქართველს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩამოაწეროს ყაზტრანსგაზთბილისს ბიუჯეტის კუთვნილი 96 მილიონი ლარი და ”გასუფთავებული” კომპანია პირდაპირ მიჰყიდოს ოფშორში დარეგისტრირებულ ანონიმური მესაკუთრის მქონე ფირმას. დიდი ალბათობით, ეს ფირმა ან საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ არის დაფუძნებული, ან მათი კორუფციული ინტერესების გამთვალისწინებელია. კატასტროფის ტოლფასი იქნება, თუ ოფშორში გადამალული ეს კომპანია აღმოჩნდება რუსული ან მოგვიანებით თბილისის გაზის სისტემა გადაყიდული იქნება რუსულ მხარეზე. ცნობილია, რომ გაზპრომი აპირებდა ყაზტრანსგაზთბილისის შესყიდვას და ამაზე ღიად დაიწერა კიდეც ყაზახურ პრესაში.
საქართველოს აქვს სახელმწიფო ვალი ყაზახეთის მთავრობის წინაშე. იყო მოლაპარაკება, რომ საქართველო ყაზტრანსგაზთბილისს ჩამოაწერდა ვალს, ხოლო ყაზახეთის მთავრობა საქართველოს, ანუ მოხდებოდა ვალების გაქვითვა. ახლა, ფაქტობრივად ვჩუქნით ყაზახურ მხარეს ას მილიონამდე ლარს. მთავრობის არგუმენტია, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში თბილისის გაზის სისტემის მართვისაგან ყაზახური მხარის ჩამოცილების გამო, კომპანია კვლავ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფება და ამის გამო ყაზახებმა საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივლეს საქართველოს მთავრობას. ითხოვენ მართვაში დაბრუნებას და ზარალის ანაზღაურებას.
თბილისის გაზის კომპანიის გაკოტრებაში დამნაშავე მართლაც საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებიცაა, რომლებიც თავიანთი სანათესაოს მეშვეობით მოაჯდნენ ფულის წყაროს და არ უნდოდათ ქონების მესაკუთრისათვის დაბრუნება.
მთავრობის ამ დადგენილებამ უამრავი კთხვა გააჩინა:
რატომ იყიდება ვალებისგან გაწმენდული თბილისის გაზის სისტემა პირდაპირი მიყიდვის წესით საეჭვო ოფშორულ ფირმაზე და არა საერთაშორისო ტენდერის მეშვეობით? ვინ აგებს პასუხს 96 მილიონი ლარის დაკარგვაზე? რა გარანტიაა, რომ გაზპრომს ან სხვა რუსულ კომპანიას არ ჩაუვარდება იგი ხელში? ითვალისწინებს კი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება მსგავსი მოვლენის გამორიცხვას? ვის ჯიბეში მიდიოდა ის ფული, რომელიც ბიუჯეტის ვალების გასტუმრებას და კომპანიის გაჯანსაღებას უნდა მოხმარებოდა და რატომ ვერ მოხერხდა 9 წლის განმავლობაში ვალების გასტუმრება და კომპანიის დაბრუნება მესაკუთრისათვის? თუ საერთაშორისო არბიტრაჟში დავის წაგების ეშინიათ, ვინ მიიყვანა აქამდე საქმე?
ვინ აგებს ყოველივე ამაზე პასუხს?
გარდა ყაზტრანსგაზთბილისისა, კატასტროფულ ფინანსურ მდგომარეობაში ჩააგდეს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კორპორაცია და გაზის ტრანსპორტირების სახელმწიფო კომპანია, რომლებსაც მილიარდობით ლარის ბრუნვა გააჩნიათ ყოველწლიურად და რომლებიც განკარგავენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გაზისა და ნავთობის ტრანსპორტირების სანაცვლოდ მიღებულ ნატურალურ და ფინანსურ რესურსებს. ეს კომპანიებიც ფაქტობრივად მაღალჩინოსნების საოჯახო ბიზნესადაა გადაქცეული და ასეული მილიონი ლარის ოდნობის ზარალს განიცდიან ყოველწლიურად.
გაზის სექტორში ხდება ყველაზე დიდი დანაშაული. თავის დროზე ეს გახდება ყველაზე ხმაურიანი გამოძიების საგანი.
დღეს კი ჩვენი ამოცანაა თბილისის გაზი არ ჩავუგდოთ ხელში მტრულ სახელმწიფოს და თითოეული თბილისელის ოჯახში და თბილისის საწარმოებში არ შემოვუშვათ გაზპრომის საცეცები.
ქვემოთ გთავაზობთ საქართველოს მთავრობის მიმდინარე წლის 27 აგვისტოს აშკარად კორუფციულ დადგენილებას-აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაში„საქართველოს დარაჯი“ – ამ სახელწოდებით ადამიანთა ჯგუფი, თბილისში გამოჩნდა
შემდეგი სტატია“ფული უნდა გავანაწილოთ რა…” – მორიგი სკანდალური ჩანაწერი “იბერიას” საქმეზე