რომან გოცირიძე: „მთავრობამ და ცალკეულმა პირებმა მკაცრად უნდა აგონ პასუხი!“

ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარის რომან გოცირიძი

„გაზპრომი“ კარიდან არ შემოვუშვით და ფანჯრიდან აპირებს შემოპარვას,“ – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის წევრი, ეკონომისტი რომან გოცირიძე „გაზპრომის“ მიერ საქართველოსთან კომერციული კონტრაქტის დადებას.
როგორც გოცირიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, „გაზპრომმა“ „რომელიღაც უცნობ ქართულ ფირმასთან გააფორმა ხელშეკრულება 100 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიწოდების შესახებ. ჯერ კიდევ გასარკვევია, ეს მართლა შემოპარვაა თუ ყველაფერი მთავრობის ხელშეწყობით ხდება. „გაზპრომის“ გაზმა სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებსა და გაზგამანაწილებელ სადგურებში უნდა გაიაროს, სანამ მომხმარებლამდე მიაღწევს. ამ მილსადენს და მასთან დაკავშირებულ სისტემას საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია მართავს, რომელთან ცალკე ხელშეკრულების გარეშე ამ ქართული ფირმის მიერ გაზპრომთან გაფორმებულ ხელშეკრულებას აზრი არა აქვს. გამოდის, რომ ჯერ აქ მოაგვარა საქმე და მერე რუსეთში. სასწრაფოდ უნდა გასცეს პასუხი ენერგეტიკის სამინისტრომ, გასცა თუ არა ნებართვა. ასევე უნდა განიმარტოს, მაშინ როცა დამატებითი გაზი მივიღეთ სოკარიდან და შახდენიზის საერთაშორი კონსორციუმიდან, რატომ გახდა აუცილებელი „გაზპრომიდან“ გაზის შესყიდვა. ასევე უნდა განიმარტოს, შეისწავლა თუ არა ენერგეტიკის სამინისტრომ რუსეთიდან გაზის იმპორტის პირობები. ხომ არ არის დემპინგური ფასით საქართველოში შემოსვლის ტაქტიკა გამოყენებული? რა ფასად და რა მიზნით უთმოს სახელმწიფო თავის მილსადენებს აბსოლუტურად უცნობ და გამოუცდელ კომპანიას? რას პასუხობს მთავრობა საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებმაც მიიღეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება და გამოძებნეს საქართველოსთვის დამატებით 500 მილიონი კუბური მეტრი გაზის რესურსი და მისი მიწოდების ტექნიკური საშუალებები? თუ ეს ხელშეკრულება ძალაში შევა, მთავრობამ და ცალკეულმა პირებმა მკაცრად უნდა აგონ პასუხი ქვეყნისათვის ეკონომიკურად და პოლიტიკურად დამაზიანებელი ქმედებისათვის,“ – წერს გოცირიძე „ფეისბუქზე“.
შეგახსენებთ: „გაზპრომმა“ საქართველოში გაზის კომერციულ მიწოდებაზე კონტრაქტი დადო. რუსული კომპანიის ცნობით, შესაბამის დოკუმენტს პეტერბურგის საერთაშრისო ეკონომიკურ ფორუმზე ხელი „გაზპრომიდან“ ალექსეი მილერმა, საქართველოს მხრიდან კ, „გაზკო+“-ის დირექტორმა, გიორგი მამალაძემ მოაწერეს. როგორც აღნიშნავენ, „გაზპრომი“ საქართველოს მიმდინარე წელს 100 მილიონ კუბომეტრ გაზს მიაწვდის. კონტრაქტის მოქმედების ვადებია 2016 წლის 1 ივლისიდან 31 დეკემბერამდე, კონტრაქტის შესაძლო გაგრძელებით.

banner
წინა სტატიაშისაცხოვრებელი სახლის ქვეშ, პროდუქტების ძველებური სათავსო აღმოჩნდა
შემდეგი სტატიაქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს