რომან გოცირიძე – მომავალი ხელისუფლების ჩამოყალიბების საფუძველი ოპოზიციის კონსოლიდაციაა, სჯობს, ენერგია ამისკენ მივმართოთ

არ მგონია, პლაკატი ჩვენი პარტიის მიერ იყოს გადაკრული, რა ინტერესი უნდა გვქონდეს, როდესაც „ქართული ოცნების“ სახით საერთო პოლიტიკური მტერი, მოწინააღმდეგე გვყავს და სამომავლოდ კოალიციურ ხელისუფლებაში უნდა ვიყოთ – ასე ეხმაურება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ზუგდიდში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის გიგი უგულავას „ფეისბუქპოსტს“.

ამასთან, როგორც გოცირიძემ აღნიშნა, მომავალი ხელისუფლების ჩამოყალიბების საფუძველი ოპოზიციის კონსოლიდაციაა და მთელი ძალისხმევა სწორედ ამისკენ უნდა იქნას მიმართული.

„იქნებ, პროვოკაციაა ან იქნებ, მართლაც სხვებმა გადააკრეს? – რა ინტერესი უნდა გვქონდეს, როდესაც „ქართული ოცნების“ სახით საერთო პოლიტიკური მტერი, მოწინააღმდეგე გვყავს და სამომავლოდ კოალიციურ ხელისუფლებაში უნდა ვიყოთ. არ მგონია, პლაკატი ჩვენი პარტიის მიერ იყოს გადაკრული. ეს რაღაც პროვოკაციაა. ყოველ შემთხვევაში, დღეს, რეპლიკების გაცვლა-გამოცვლა ოპოზიციის წისქვილზე წყალს არ ასხამს. სჯობს, ამისგან თავი შევიკავოთ. ამ პოლემიკის გაგრძელებას არ ვაპირებ, რადგან გვყავს საერთო სამიზნე, ეს არის ჩვენი მოწინააღმდეგე, გაკოტრებული და წარუმატებელი ხელისუფლება. ოპოზიციის კონსოლიდაცია მომავალი ხელისუფლების ჩამოყალიბების საფუძველი იქნება. სჯობს, ამისკენ მივმართოთ ჩვენი ენერგია“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

გიგი უგულავამ „ფეისბუქის“ საშუალებით განაცხადა, რომ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო პლაკატებზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის პლაკატები გადააკრეს. უგულავამ ამისი დამადასტურებული ფოტოც გამოაქვეყნა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 35-ის მდგომარეობა მძიმე, ხუთის კი კრიტიკულია – ეზუგბაია
შემდეგი სტატიასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დელეგაცია ეუთო-ს ფართომასშტაბიან კონფერენციაში მონაწილეობს