რომან გოცირიძე: “ამ მკვლელობების თანამონაწილე საქართველოს ხელისუფლებაა”

პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე საქართველოში ბოლო პერიოდში ფსიქიატრიული პრობლემების მქონე ადამიანთა მიერ გახშირებულ მკვლელობებზე ექსკლუზიურად “თაიმერთან” აკეთებს კომენტარს და აცხადებს, რომ ეს შედეგი კორუფციული ჯანდაცვის სისტემის ბრალია. მისი თქმით, ფსიქიატრიის ბიუჯეტი მიზერულია და წლების მანძილზე მისი გაზრდა არ მომხდარა, ის არც მომდევნო წელს იგეგმება, კატასტროფულ მდგომარეობაშია ფსიქიატრიის, ფთიზიატრიის, ნარკოლოგიის და სხვა დარგები, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან არ ფინანსდება. რომან გოცირიძის თქმით, ჯანდაცვაში შექმნილი მდგომარეობის მიზეზია ის, რომ ადამიანები, რომლებიც მკურნალობას საჭიროებენ, მას ვერ იღებენ და შესაბამისი ფსიქიკური პრობლემებით ქუჩაში დადიან. რომან გოცირიძე ასევე ამბობს, რომ მთავრობა მალავს ჯანდაცვის ბიუჯეტში არსებულ გარღვევას და იმას, რომ სამედიცინო დაწესებულებებს ხელფასები უგვიანდება. პარლამენტარის თქმით, ყველა მკვლელობის თანამონაწილე, რომელიც აღნიშნული პრობლემების მქონე ადამიანების მიერ არის ჩადენილი, საქართველოს ხელისუფლებაა: “ეს არის მთავრობის ჯანდაცვის პოლიტიკის ბრალი. კვირა არ გავა, რომ რაიმე ცუდი არ მოხდეს. არანამკურნალები ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები დაიარებიან ქუჩაში, უყურადღებოდ არიან მიტოვებულები ოჯახებში. კატასტროფულ მდგომარეობაშია ფსიქიატრიის დარგი. შეჭამა მთელი ჯანდათვის სისტემა კორუფციულმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ. 600 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა წელს. ას მილიონამდე გარღვევაა ბიუჯეტში. არ ამხელენ და უგვიანებენ კლინიკებს ფულს. გაწეწეს სხვა დარგები: ფსიქიატრია, ფთიზიატრია, ინფექციური დაავადებების მკურნალობა, ნარკოლოგია და უამრავი სხვა, რომელიც არ ფინანსდება საყოვრლთაო ჯანდაცვის პროგრამიდან. მიზერულია ფსიქიატრიის ბიუჯეტი-16 მილიონი ლარი. წლებია გაყინულია თითქმის ერთ ადგილზე. არც 2017 წელს იზრდება.
უნამუსობაა მთავრობის მხრიდან. ყველაზე მეტად ჩაგრავენ იმ ადამიანებს, ვისაც საკუთარი უფლებების დაცვა არ შეუძლიათ.
ამ მკვლელობებში თანამონაწილე საქართველოს ხელისუფლებაა” – აცხადებს “თაიმერთან” რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ დედის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა
შემდეგი სტატიამსახიობი ჟა ჟა გაბორი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა