რომან გოცირიძე – მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებულ სპეკულაციებს ნათლად უპასუხა

region
ავტ.: region სექტემბერი 8, 2020 16:00

რომან გოცირიძე – მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებულ სპეკულაციებს ნათლად უპასუხა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მის ჩამოსვლასთან დაკავშირებულ სპეკულაციებს ნათლად უპასუხა.

„მან თქვა, რომ უგუნური ხელისუფლების პირობებში, არჩევნებამდე მისი ჩამოსვლა შეიძლება არასტაბილურობის წყარო გამხდარიყო. მან განაცხადა, თუ როდის ჩამოვა – ეს იქნება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ეს იქნება – ნოემბერში. პირდაპირ განაცხადა, რომ ახლა ჩამოსვლა ხელისუფლების მხრიდან არჩევნების პროცესში სერიოზული მადესტაბილიზებელი პროცესების დაწყებას ნიშნავს“, – აღნიშნა გოცირიძემ.

მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, როგორც აქამდე იყო.

„ის ძალიან აქტიური იყო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. დღეში, „სკაიპით“ ოთხი-ხუთი ჩართვა ჰქონდა და საარჩევნო და პოლიტიკური პროცესებში მონაწილეობდა. ის არის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი აქტიური ნაწილი“, – განმარტა რომან გოცირიძემ.

რაც შეეხება „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორის განცხადებას, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებიდან მასში უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩართვა კანონით აკრძალულია, გოცირიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში ყოველთვის მონაწილეობდა, მათ შორის საარჩევნო პერიოდში.

„ამ ხნის განმავლობაში არ გვინახავს სერიოზული არგუმენტი იმის, რომ ეს იყოს კანონდარღვევით ჩარევა საარჩევნო პროცედურებში. დაასაბუთონ, არსებობს რაიმე მექანიზმები? – არავინ ხელს არ უშლის ამის გამოყენებაში. მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს სრული მორალური, პოლიტიკური და სამართლებრივი უფლება, რომ დისტანციიდან მიმართოს ქართველ ამომრჩეველს და გააცნოს საკუთარი შეხედულება. მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობის საკითხი პოლიტიკურია და არა სამართლებრივი. ის პოლიტიკური დევნის ობიექტია, მან უსამართლოდ და ძალადობის გზით დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

region
ავტ.: region სექტემბერი 8, 2020 16:00