რომან გოცირიძე : მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება, საქართველოში მისი დაბრუნების დაჩქარებას ნიშნავს

მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან მსოფლიო თანამეგობრობისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი სააკაშვილის რეფორმატორულ გამოცდილებას აფასებს და უკრაინა საქართველოს რეფორმების გზას გააგრძელებს.

„ზელენსკი მოიქცა სამართლიანად. ის სამართლებრივ სახელმწიფოს ააშენებს და არა, ოლიგარქიულ სახელმწიფოს, რაც იყო აქამდე. რაც შეეხება სააკაშვილის საქართველოსთან დამოკიდებულებასა და ქვეყანაში დაბრუნებას, ეს ახალი ტკივილი გაჩნდა საქართველოს ხელისუფლებისთვის და უკვე დაიწყეს უგუნური განცხადებები. უკრაინის პრეზიდენტს ურჩევენ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში სახელმწიფო სამსახურში არ დაასაქმოს. ამით კიდევ ერთხელ თავს სასაცილო მდგომარეობაში იყენებენ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისი შეფასებით, უკრაინაში სააკაშვილის დაბრუნება, საქართველოში მისი დაბრუნების დაჩქარებას ნიშნავს.

„თუ საჭირო გახდება, მიხეილ სააკაშვილი იქნება უკრაინის პოლიტიკაში ან ადმინისტრაციაში, როგორც ის ჩათვლის საჭიროდ, მაგრამ სააკაშვილისთვის მთავარი მნიშვნელობა საქართველო აქვს და უკრაინაში სააკაშვილის დაბრუნება, საქართველოში მისი დაბრუნების დაჩქარებას ნიშნავს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.

ამასთან, სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას დღეს გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიAmnesty International-მა ორგანიზაციაში შრომის “ტოქსიკური” პირობების გამო ხელმძღვანელობა დაითხოვა
შემდეგი სტატიაეკა ბესელია : დიდი სიფრთხილეა საჭირო, როდესაც დავით გარეჯის თემაზე უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები საუბრობენ