რომან გოცირიძე : მაიკ პომპეოს გიორგი გახარიასთან საუბრის მთავარი შინაარსი იყო, არავინ გაბედოს არჩევნების გაყალბება!

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, აშშ- ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მთავარი გზავნილი პრემიერთან საუბრისას გაფრთხილება იყო, რომ არ გაბედონ არჩევნების გაყალბება. როგორც გოცირიძე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს, ამაზე მიუთითებს თავად აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია.

“პრემიერ- მინისტრისა და აშშ- ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს შორის საუბრის შემაჯამებელი შინაარსი გამოქვეყნდა ტვიტერზე. ეს იყო ძალიან მოკლე და ნიშნავდა შემდეგს: არ გაბედოთ არჩევნების გაყალბება, ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნები! მორჩა, ეს იყო მისი განცხადება ტვიტერზე. შემდეგ როცა მთავრობა ამბობს, რომ საუბარი იყო ამაზე, იმაზე, დიახ, ეს დიპლომატიური ეტიკეტის ნაწილია – გამარჯობა, როგორ ხართ? ინფექცია როგორ გადაიტანეთ? ჩვენები პასუხობენ – მადლობთ, კარგია, რომ ფული მოგვეცით ინფექციის საწინაადეგოდ. მთავარი რაც იყო და რისთვისაც შედგა ეს საუბარი გამოქვეყნდა ტვიტერზე. იქნება უმკაცრესი დაკვირვება აშშ- ის მხრიდან არჩევნებზე და იმ შემთხვევაში, თუ დაინახეს, რომ არჩევნები ტარდება უსამართლოდ, მას ექნება უმწვავესი და უმკაცრესი შედეგები საქართველოს ხელისუფლებისთვის. ეს დასკვნა უნდა გამოიტანოს ხელისუფლებამ. გარდა ამისა, იყო საუბარი სასამართლოს არასწორ მუშაობაზე, მაგრამ მთავარი შინაარსი, როგორც აღვნიშნე იყო რომ არავინ გაბედოს არჩევნების გაყალბება. ნუ იქნება ძალადობა, მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება – ეს იყო საუბრის მთავარი შინაარსი”, – განაცხადა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიშეშფოთებულები ვართ, არის ახალი კლასტერები- პაატა იმნაძე მოსახლეობას აფრთხილებს
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი : ნუ შევიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში, რომ მაჟორიტარებზე გადის არჩევნების ბედი