რომან გოცირიძე – კვლავ გრძელდება „ქართული ოცნების“ ნაცადი ხერხებითა და გზით სიარული

region
ავტ.: region სექტემბერი 28, 2020 16:10

რომან გოცირიძე –  კვლავ გრძელდება „ქართული ოცნების“ ნაცადი ხერხებითა და გზით სიარული

საერთაშორისო პარტნიორების არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კვლავ გრძელდება „ქართული ოცნების“ ნაცადი ხერხებითა და გზით სიარული, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე სოფელ ნახიდურში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებას.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ კვლავ იყენებს ძალადობასა და ფიზიკურ თავდასხმას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების წინააღმდეგ.

„საერთაშორისო პარტნიორების არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კვლავ გრძელდება „ქართული ოცნების“ ნაცადი ხერხებითა და გზით სიარული. ბოლო დღეების განმავლობაში ვნახეთ, რომ კვლავ იყენებენ ძალადობასა და ფიზიკურ თავდასხმას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების წინააღმდეგ. გუშინ, ნიკა მელიასთან აღმაშფოთებელი ფაქტი მოხდა. შეიძლება, ადამიანები დაზიანებულიყვნენ. ასევე თავდასხმა იყო ბოლნისში. ეს იმის მაჩვენებელია, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს, კვლავ ის მეთოდები გამოიყენოს, რასაც აქამდე აკეთებდა. ბოლოს კულმინაცია იქნება მოკრიმინალო ელემენტების თავშეყრა საარჩევნო უბნებთან. ხელისუფლებას ვაფრთხილებთ, ის დრო არ არის, როცა ეს გასდიოდათ. „ქართული ოცნება“ არ არის თუნდაც 2016 წლის „ქართული ოცნება“, ჩამოძონძილ-ჩამონგრეულია, როგორც ლარი არის გაუფასურებული და გაცვეთილი, ასეთ მდგომარეობაშია „ქართული ოცნება“. ნუ ჰგონიათ, რომ რესურსით თავის თავს გაიტანს, არ აპატიებს ხალხი და საერთაშორისო თანამეგობრობა. თავი შეიკავონ ყველა იმ მეთოდისგან, მათ შორის ძალადობრივი ქმედებებისგან. ძალადობის ინიციატორი ვინ არის, ხალხი კარგად ხედავს, ამას ხელისუფლებასთან ასოცირებული მედია როგორც არ უნდა აშუქებდეს. რაც შეეხება ბოლნისს, 50 ბანდიტი თავს დაესხა „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლებს. რაც მოხდა, ეკრანებზე კარგად ჩანს. ყველაფერი ნათელია, 21-ე საუკუნეა და ყველაფერი კამერებითაა“, – განაცხადა გოცირიძემ.

region
ავტ.: region სექტემბერი 28, 2020 16:10