რომან გოცირიძე : ხელისუფლება ვალდებულია, უმკაცრესად უპასუხოს რუსეთის ყველა პროვოკაციას

ეს არის რუსეთის გათავხედებული ხელისუფლების განცხადება, რომელიც საქართველოს ხელისუფლების რბილ კრიტიკასაც კი ვერ ითმენს, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

გოცირიძის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებზე უფრო მწვავე განცხადებებს უნდა აკეთებდეს.

„როცა საერთაშორისო თანამეგობრობას არ მოვუხმობთ იმ უმსგავსობის გამო, რაც საოკუპაციო ხაზთან ხდება, ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ, რუსეთის ხელისუფლება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მისწვდა, რადგან მათი განცახდება უფრო მკაცრი იყო, ვიდრე საქართველოს ხელისუფლების.

დღეს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა უფრო მწვავე განცხადება საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ვიდრე თავად საქართველოს ხელისუფლებამ. როცა ასე იქცევი, ასეთ პასუხს იღებ. დამამცირებელი წერილია, რომელიც საქართველოს საგარეო უწყებას არ პატიობს იოტისოდენა უკმაყოფილების გამოთქმას“, – აღნიშნა გოცირიძემ.

რომან გოცირიძის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, უმკაცრესად გასცეს პასუხი ყველა პროვოკაციას და მოითხოვოს სანქციების დაწესება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

„სანამ საქართველოს ხელისუფლება პრინციპულ პოზიციას არ დაიჭერს უკრაინის ხელისუფლების მსგავსად და საქართველოს საკითხებზე რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების მოთხოვნა არ იქნება, მანამდე რუსეთი ყოველთვის გაბედავს პროვოკაციას, ადამიანების გატაცებას, საოკუპაციო საზღვრის გადმოწევას და საქართველოს ხელისუფლების აბუჩად აგდებას“, – განაცხადა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა ლევან დავითაშვილს დაავალა, რთველისა და თხილის სეზონზე, ფერმერებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს
შემდეგი სტატიაბოლო 24 საათში გამოვლენილი სამი ახალი შემთხვევიდან ერთი შემოტანილია, ხოლო ორის წყაროს მოძიება გრძელდება – ეზუგბაია