რომან გოცირიძე ჯიმ რიშის განცხადებაზე – ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ უგუნურმა ქმედებებმა შეიძლება უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილ ჩვენს მოქალაქეებს ცხოვრება კიდევ უფრო გაურთულოს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, ამერიკელი სენატორის ჯიმ რიშის მიერ პოლიტპატიმრებზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, შესაძლოა საქართველოს ის ფინანსური და სასურსათო დახმარებები შეუჩერდეს, რაც პარტნიორი ქვეყნების მიერ იქნა გამოყოფილი. მისივე თქმით, დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა ის მდგომარეობა, როდესაც ხელისუფლებას დასავლეთისგან მილიარდები უნდა და ამავდროულად, პატივს არ სცემს დასავლურ დემოკრატიას.

„ამერიკელი სენატორის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს შეთანხმება და გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, იმის ნიშანია, რომ შესაძლოა ქვეყანას ის ფინანასური და სასურსათო დახმარებები შეუჩერდეს, რაც პარტნიორი ქვეყნების მიერ იქნა გამოყოფილი და რის ასახვასაც მთავრობა ახლა ბიუჯეტში აპირებს. ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ უგუნურმა ქმედებებმა შეიძლება უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილ ჩვენს მოქალაქეებს ცხოვრება კიდევ უფრო გაურთულოს და ეკონომიკური კრიზისი გააღრმავოს. ასეთი განცხადებების შემდეგ, ლოგიკური ნაბიჯი იქნება სანქციებზე საუბარი.

როდესაც სენატი აღიარებს, რომ ქვეყანაში არიან პოლიტიკური პატიმრები, ეს უკვე სულ სხვა მდგომარეობაში აყენებს საქართველოს ხელისუფლებას და მისადმი დამოკიდებულება არ იქნება ისეთი, როგორიც მანამდე იყო. მილიარდები გინდოდეს დასავლეთისაგან და არ სცემდე პატივს დასავლურ დემოკრატიას, თამაშის პატიოსან წესებს, გამუდმებით ატყუებდე პარტნიორებს – ასე დიდხანს რომ ვერ გაგრძელდებოდა, ნათელი იყო. ხოდა დაუდგა ივანიშვილს განკითხვის ჟამი. მოვა დრო, მის მიმართ პერსონალური სანქციების მომსწრენიც გავხდებით.

პოლიტპატიმრების ყოლის დადასტურება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ნატოსა და სხვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციის საკითხს. საკუთარი ძაკაუფლების მანიაკალური შენარჩუნების სურვილით, ივანიშვილი აზაინებს ქვეყნის საერთაშორისო ინტერესებსაც,“ – განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი რესპუბლიკური პარტიიდან, ჯიმ რიში საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, სრულიად შეასრულონ მარტში გაფორმებული ხელშეკრულება.

„ველოდები, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიები სრულად შეასრულებენ მარტის ხელშერულებას, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ახალი საარჩევნო სისტემის პროგრესს“, – ნათქვამია სენატორის განცხადებაში, რომელიც „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნდა.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი : ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დასკვნა აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით, საქართველოს ევროინტეგრაციულ მიზნებს ადასტურებს
შემდეგი სტატიაილია მეორე : საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს, ეს გაბრწყინება იქნება სულიერი