რომან გოცირიძე – ივანიშვილი მეტ პატივს სცემს ზვიგენსა და ზებრას, ვიდრე ხალხს

ნაცვლად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს ანგარიში გაეწია საზოგადოებრივი პროტესტისთვის და მოეხსნა გახარია, პირიქით, თავზე დაგვასვა, – ასე ეხმაურება საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელებას.

​როგორც რომან გოცირიძე აცხადებს, დღევანდელი მთავრობა არის „რუსეთის ინტერესების სრული დაკმაყოფილება“.

„ივანიშვილი მეტ პატივს სცემს მის ზვიგენსა და ზებრას, ვიდრე ხალხს. ნაცვლად იმისა, რომ ანგარიში გაეწია საზოგადოებრივი პროტესტისთვის და მოეხსნა გახარია, პირიქით, თავზე დაგვასვა. დღეს ის არის მთავრობის თავმჯდომარე. ეს არის საზოგადოების დაცინვა, სილის გაწვნა და გამოწვევა. ამ გამოწვევას საზოგადოება მიიღებს და ძალიან ცუდად დამთავრდება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ბედი, ვინაიდან ის მთავრობა, რომელიც ჩვენ ახლა მივიღეთ, ეს არის ფაქტობრივად გავრილოვის მთავრობა. ეს არის რუსეთის ინტერესების სრული დაკმაყოფილება. საქარველოში რუსეთი შემოვიდა ჯერ სიმბოლურად ამ დარბაზში, როდესაც გავრილოვი წამოსკუპდა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე და დღეს, უკვე რუსეთი შემოვიდა საქართველოს მთავრობაში იმ სულისკვეთებით, რასაც დღეს ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის ქმედებები ემსახურება წინასაარჩევნოდ პოზიციების გამაგრებას.

„ყველა ქმედება, რაც მან 20 ივნისის შემდეგ ჩაატარა, დაპატიმრებები, რეპრესიები, „რუსთავი “-ის დახურვა, ნიკა მელიას სახლში გამოკეტვა, ბიზნესის დევნა, ჯაფარიძის, წერეთლის, მამუკა ხაზარაძის ფაქტობრივად შინა პატიმრობა და ასეთი პრორუსული მთავრობის მოყვანა, ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ ივანიშვილმა წინასაარჩევნოდ გაიმაგროს პლაცდარმი.

საბოლოოდ დარჩა 20 ყურმოჭრილი, მისი ლაქია მოსამართლის დანიშვნა და ამით მორჩება ხელისუფლების საბოლოო უზურპაციის პროცესი და ივანიშვილს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ არა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, არამედ ქართული ოცნების ფაშა. ვინც ასე მოიქცა, ყველა დამარცხდა. ხალხის წინააღმდეგ წამსვლელი ყოველთვის ამთავრებს ერთი და იმავე შედეგით“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიბოკერია: ივანიშვილმა მოახდინა მკაფიო დემონსტრირება, როგორ ფეხებზე კიდია საზოგადოება
შემდეგი სტატიაევროპული საქართველოს პროტესტის პასუხად თალაკვაძემ სხდომა შეწყვიტა