რომან გოცირიძე – გიორგი ქობულიაც კაი ვირეშმაკა გამოდგა

პრეტენზია გვაქვს ქობულიასთანაც, ისიც კაი ვირეშმაკა გამოდგა, მოვიდა და თავი მოისაწყლა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, რომან გოცირიძემ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას მიერ ფოთის პორტთან დაკავშირებით თანამდებობიდან გათავისუფლებულ ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელსა და მის მიერ გაცემული დოკუმენტის გაუქმების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, წარმოუდგენელია, ფოთის პორტთან დაკავშირებით 2 მაისს გაცემული ნებართვის შესახებ არ სცოდნოდა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას. ამასთან, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და თანამდებობიდან გათავისუფლებული ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე პარლამენტში უნდა მივიდნენ და ახსნა-განმარტებები გააკეთონ.

„მთავრობამ უკან დაიხია, ძალიან უხეშად გამოუვიდა ანაკლიის პორტის ჩაგდება. მას მიჰყვებოდა ძალიან დიდი და სერიოზული საერთაშორისო რეზონანსი. წარმოუდგენელია, ერთი თვის წინ წარმოდგენილი დოკუმენტის შესახებ მინისტრს არ სცოდნოდა და არ სცოდნოდათ მთავრობაში. მოხსნეს უდანაშაულო ადამიანი, ვინმე კაკაურიძე. მასზე ჯოხი გადატეხეს. როგორც ამბობენ, არის პროფესიონალი და წესიერი კაცი, გამოცხადდეს და მოახსენოს პარლამენტს, რა მოხდა, რატომ არის განტევების ვაცად გადაქცეული და რატომ შეახოცეს მას ხელი. ანაკლიის პროექტის ჩაგდება იყო სწორედ ამ მექანიზმით გათვალისწინებული. არავითარი პორტი ფოთში არ აშენდებოდა, ანაკლიის პროექტი დაწყებულია და ორ წელიწადში დამთავრდება, თუ მთავრობამ ხელი არ შეუშალა.

ფოთის პორტის მშენებლობას დასჭირდებოდა მრავალი წელიწადი, მით უმეტეს, ანაკლიის შემდეგ მსგავს პროექტს აზრი არ აქვს. მთავრობის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრს ან რომელიმე მაღალჩინოსანს უნდა ეცნობებინა საზოგადოებისთვის, რომ ფოთში ახალი ნავსადგური შენდება, მაგრამ როგორც იტყვიან, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. არ არის გამორიცხული, ძალიან მკაცრი რეაქცია ჰქონოდათ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოებისგან. ეს იყო ცრუ მოთხოვნა პორტის აშენებაზე, რომლის მთავარი მიზანი იყო მაისში ინვესტორებისთვის ანაკლიის მშენებლობისთვის დაგეგმილი 400 მილიონი დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფა. ყველაფერი, რაც ბოლო პერიოდში ვითარდება, ეს არის საქართველოს ხელისუფლების კორუფციული და რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესები. ბატონი კაკაურიძე, რომელიც გაათავისუფლეს, გამოცხადდეს პარლამენტში. ჩვენ ვიბარებთ ნათია თურნავას. ფრაქციამ დილით განაცხადი შევიტანეთ. კეთილი ინებოს ნათია თურნავამ და მოგვახსენოს ამ ისტორიის შესახებ. წარმოუდგენელია, რომ 2 რიცხვში გაცემული ნებართვა, რომელიც ფაქტობრივად, საქართველოს სტრატეგიულ პროექტს აჩერებდა, არ სცოდნოდა პრემიერ-მინისტრს, ივანიშვილს, თურნავას. ჩვენ პრეტენზია გვაქვს ქობულიასთანაც. ისიც კაი ვირეშმაკა გამოდგა, მოვიდა და თავი მოისაწყლა. განაცხადი შეტანილი იყო ოქტომბრის თვეში და მას საზოგადოებისთვის უნდა ეთქვა, თუ მსგავსი რისკები არსებობდა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ფოთის პორტთან დაკავშირებით ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის მიერ გაცემული დოკუმენტი გააუქმა.

banner
წინა სტატიაშიოთარ კახიძე: ახალი სიმაღლე დაიპყრეს ქოცებმა
შემდეგი სტატიამთაწმინდაზე ცესკო-მ ამომრჩეველი ბუჩქის ძირას დაარეგისტრირა