რომან გოცირიძე – ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადება არის ძალიან მკაცრი გაფრთხილება

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადება არის ძალიან მკაცრი გაფრთხილება და ამას შესაძლებელია, ჰქონდეს საკმაოდ არასასურველი შედეგები ქვეყნისთვის, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას.

გოცირიძის თქმით, „ეს განცხადება საკმაოდ ცუდად აისახება საქართველოს ურთიერთობაზე ევროკავშირთან.

„ეს არის ძალიან მკაცრი განცხადება, თანაც არაერთხელ მოწოდება იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში შეწყდეს სასამართლოზე ზეწოლა. ქვეყანა არ უნდა იმართებოდეს ერთი ადამიანის მიერ და სასამართლო არ უნდა იყოს ფეხქვეშ გაგდებული ოლიგარქის და მისი გარემოცვის მიერ. მიუხედავად ასეთი გაფრთხილებისა, მიუხედავად წინასაარჩევნო პერიოდისა, მაინც მიიღეს ისეთი ცვლილებები ამ კანონში, რომელიც კვლავ აძლევს შესაძლებლობას სასამართლოში მოკალათებულ კლანს, გააგრძელოს ის პროცესები, რაც არაერთხელ გვინახავს და დანიშნოს მოსამართლეები მორჩილებისა და ერთი ადამიანისადმი ერთგულების ნიშნით. ეს არის ძალიან მკაცრი გაფრთხილება და ამას შესაძლებელია, რომ ჰქონდეს საკმაოდ არასასურველი შედეგები ქვეყნისთვის, ვინაიდან ხდება იგნორირება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, როგორც არჩევნებთან დაკავშირებით, ასევე სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით და ზოგადად ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი აკეთებს ყველაფერს, რომ არჩევნებში გამოიყენოს ყველა არაკანონიერი რესურსი“, – განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, „საქართველოში სასამართლო არ არსებობს და რაც არ არსებობს, მას ვერ გააუმჯობესებ“.

„არავითარი აზრი ახლა, დარჩენილი დროის განმავლობაში ამ კანონთან მიმართებაში რაიმე ცვლილებას არ აქვს, მაინც ვერ მიიღებენ, ცოტა დრო დარჩა. სასამართლო სისტემა უნდა დაინგრეს, ეს მავნე, მორჩილი, კლანური ინსტიტუტი, უნდა აშენდეს ნულიდან. ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში უნდა შეწყდეს სასამართლოს გამოყენება პოლიტიკური ნიშნით და ცალკეული პირების და მათ შორის ოლიგარქის ფინანსური ინტერესების შესაბამისად. საქართველოში სასამართლო არ არსებობს, რაც არ არსებობს, მას ვერ გააუმჯობესებ, უნდა შეიქმნას თავიდან. კურიოზული შემთხვევაა, თან რომ სთხოვეს, მიმართეს, რომ გამოთქმული ყოფილიყო აზრი და მერე არც კი დაელოდნენ, ეს იმას ნიშნავს რომ მათ არ უნდათ ხელიდან გაუშვან შანსი, ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც არის მათი სასარგებლო, მიღებულ იქნას არჩევნებამდე, იციან, რომ არჩევნებს წააგებენ და ისეთი ნორმები უნდათ დარჩეს, რომლის შეცვლაც შემდეგ შესაძლებელია გართულდეს“, – განაცხადა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშისაგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ საფრანგეთის ერთ-ერთი რეგიონის პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებულ რუკას ფრანგულ ოფიციალურ მხარესთან კავშირი არ აქვს
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე – სააკაშვილი ხელისუფლებაში არ უნდა დაბრუნდეს