რომან გოცირიძე: ეროვნულმა ბანკმა დღეს რეფინანსირების აუქციონზე ისტორიული მაქსიმუმი დაამყარა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რომან გოცირიძის განმარტებით, ეროვნულმა ბანკმა დღეს რეფინანსირების აუქციონზე ისტორიული მაქსიმუმი დაამყარა: 1,35 მილიარდი ლარი გაასესხა.

“ეს არის ე. წ. ფართე ფულის, M2-ის 22 პროცენტი. როდესაც კომერციულ ბანკებს ერთბაშად ამ მოცულობის რესურსი სჭირდებათ, ეს მიუთითებს ფინანსური სისტემის სერიოზულ დაავადებაზე.
ბანკებს 2 მილიარდი ლარი აქვთ გასესხებული მთავრობაზე და მოკლევადიან მოთხოვნებს ეროვნული ბანკი უპრობლემოდ უკმაყოფილებთ, რომელიც თავისი განმეორებადობით უკვე გრძელვადიანი სესხის ტოლფასია.
გუშინ, მთავრობამ კიდევ ერთხელ დაარღვია კანონი საშინაო ვალის შესახებ და დამატებით 33 მილიონი ლარი აიღო. აუქციონზე 50 მილიონი ლარის სახაზინო ვალდებულებები გამოიტანა, მაგრამ ყველა ვერ გაყიდა. არ ეყოთ ფული ბანკებს. სამაგიეროდ, აგერ, ეროვნულმა ბანკმა დაასაჩუქრა დღეს კომერციული ბანკები. ამ ფულის ნაწილი აუცილებლად მოხვდება სავალუტო ბირჟაზე, ნაწილი კი სახაზინო ვალდებულებების მორიგ აუქციონზე აღმოჩნდება. მოკლედ, აფინანსებს ეროვნული ბანკი ბიუჯეტის დეფიციტს და ეწევა საკრედიტო ექსპანსიას, რითაც ხელს უწყობს ლარის გაუფასურებას.
და ბოლოს, მიდინარე თვეში ბიუჯეტიდან უნდა დაიხარჯოს დაახლოებით ერთი მილიარდი ლარი. დროის მესამედი გავიდა და დსხარჯულია მხოლოდ 84 მილიონი. არათანაბარზომიერ ხარჯვას თუ რა მოსდევს, ეს უკვე ვისწავლეთ და საკუთარ თავზეც გამოვცადეთ ამ მთავრობის ხელში”,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიჯარიმის გადახდის შემდეგ ცხინვალის ციხიდან საქართველოს ექვსი მოქალაქე გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაჯეიმს აპატურაი “ნატო-საქართველო 2016“-ის დაწყებას მიესალმება