რომან გოცირიძე – ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირება ნიშნავს, რომ ხელისუფლებას არ აქვს უნარი, ქვეყანა წინ წაიყვანოს

მთავრობასა და პარლამენტში რატომღაც ზეიმობენ, რომ „ფიტჩმა“ იგივე რეიტინგი დატოვა, რაც იყო შარშან და ამას გახარებული ყვებიან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

ამასთან, მისი შეფასებით, ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ ყველაფრის ტურისტების შემოსვლის შემცირებაზე გადაბრალება, სასაცილოა.

„რაც შეეხება იმას, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შემცირებულია და კვლავ აბრალებენ ამას ტურისტების შემოსვლას, უნდა ახსოვდეთ, რომ ეს რეიტინგი დგება დიდი ხნით ადრე, ვიდრე ის პროცესები დაიწყებოდეს, რაც საქართველოში მოხდა აქციების სახით. ამიტომ ეს გადაბრალება ყველაფერში უკვე ძალიან სასაცილო ხასიათს იღებს. ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირება ნიშნავს, რომ ხელისუფლებას არ აქვს უნარი, ქვეყანა წაიყვანოს წინ. ამას ვხედავთ ლარის გაუფასურების სახით, ვხედავთ, რომ ხალხი გადის ქვეყნიდან, სამუშაო ადგილები მცირდება და საბოლოო ჯამში, ნებისმიერ მოვლენაზე პასუხს აგებს ხელისუფლება, მით უმეტეს, ხელისუფლების მიერ იყო გამოწვეული გავრილოვის შემოყვანა და უნდათ, თავიანთი დანაშაული სხვებს გადააბრალონ“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

სარეიტინგო კომპანია „ფიტჩმა“ (Fitch) საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურ მაჩვენებელზე დატოვა. ამასთან, 2019 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მცირედით, 4.3 პროცენტამდე შეამცირა (წინა პროგნოზი – 4.6 პროცენტი).

banner
წინა სტატიაში,,რომ არა გუგუტიანთკარი, ქვეყანა ალბათ ვერც გაიგებდა,რომ ქვეყნის უბედნიერესი პრეზიდენტი ლოპოტაზე,ხოლო გორის ბედნიერი მერი გონიოში ისვენებს”
შემდეგი სტატიარომელ უბნებში მუშაობენ უკვე მართლწესრიგის ოფიცრები და როგორ დავუკავშირდეთ მათ