რომან გოცირიძე – ძალოვანი სტრუქტურები ისე დაალაგა ბიძინა ივანიშვილმა, რომ მთავრობა უნდა იყოს საარჩევნო შტაბი

ძალოვანი სტრუქტურები ისე დაალაგა ბიძინა ივანიშვილმა, რომ მთავრობა უნდა იყოს საარჩევნო შტაბი, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა რომან გოცირიძემ პარლამენტში, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიასა და მთავრობის შემადგენლობის შეხვედრა მიმდინარეობს ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა რომან გოცირიძემ შეხვედრა ვიდეოშეკითხვით დაიწყო.

„ჩვენი შეკითხვა გვინდა დავიწყოთ ვიდეოშეკითხვით, რომელსაც ჩვენ ახლა აქ მოგასმენინებთ, რომელსაც თქვენ იხილავთ ეკრანზე და პასუხს ამ მწვავე შეკითხვაზე მოითხოვს დღეს ხალხი, მოითხოვს მთელი ქვეყანა. ჩვენ გვიყურებს საზოგადოება და საზოგადოებას აინტერესებს პასუხი, რატომ და ვინ არის დამნაშავე.

ეს არის პირველი შეკითხვა, რომელსაც სვამს ხალხი, საზოგადოება. სამი თვეა, ჩვენ ამას ვისმენთ ეკრანებიდან და გვეკითხება ყველა, დიდი თუ პატარა, რატომ მოხვდათ ბავშვებს ტყვია, ვინ ჩაიდინა დანაშაული, ვინ აგო ხელისუფლებიდან ამ დანაშაულისათვის პასუხი, ვინ დაისაჯა, ვინ არიან ის დამნაშავეები, რომელთაც ჯერ კიდევ მფარველობს ბატონი ივანიშვილი და ნაცვლად იმისა, რომ ეს ადამიანები ყოფილიყვნენ განსასჯელის სკამზე, დღეს ჩვენ გვევლინებიან ხელისუფლების სათავეში. ვინ გასცა ბრძანება და საერთოდ, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, რატომ მიდის საქართველო კორუფციული სახელმწიფოს გზით“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, 20 ივნისის შემდეგ საქართველოში მოხდა იმდენი დანაშაული და იმდენი მოვლენა, რომელიც ეყოფოდა ერთ დიქტატორს მრავალი წლის განმავლობაში.

„ჩამოვთვლი ძალიან მოკლედ, რეპრესიები, პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება, ირაკლის ოქრუაშვილის წასვლა ციხეში, ნიკა მელია არის შიდა პატიმრობაში, არ აძლევთ კონსტიტუციურ უფლებას, მიიღოს მუშაობა პარლამენტში, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ „რუსთავი 2“-ის დირექტორის წინააღმდეგ აღძარით სისხლის სამართლის საქმე. „რუსთავი 2“ დახურეთ და შეასრულეთ რუსეთის საქართველოს დეპუტატების სანუკვარი ოცნება. გახსოვთ, ალბათ, როდესაც გამოაცხადეს, რომ მოდით ვიყიდოთ „რუსთავი 2“, დიასპორამ შეაგროვოს რუსეთში ფულიო. არ დასჭირდა რუსეთს ფულის შეგროვება, აგერ „რუსთავი 2“ ფაქტობრივად დახურეთ და ხედავთ, რომ იქედან არ ისმის მართალი სიტყვა.

აგრძელებთ მედია საშუალებების დევნას, ჰაკერული ბრძოლა გამოუცხადეთ „ტვ პირველს“, გათიშეთ არხი თქვენი ბოტების მეშვეობით. აგრძელებთ იმ გზას, რომელიც გამოიყენეთ „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ, როდესაც ჰაკერული შეტევა განხორციელდა ამ ბანკის წინააღმდეგ და სად არის დღეს გამოძიებული ეს საკითხი. ბანკის პარალიზება გინდოდათ. ბიზნესი დაატერორეთ, „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელობა ფაქტობრივად ქვეყნის შიდა პატიმრობაშია. ხაზარაძე-ჯაფარიძე, ჭუტა წერეთელი, აგერ სისხლის სამართლის საქმე აღძარით „ტვ პირველთან“ დაკავშირებით. გააჩერეთ ანაკლიის პროექტი. 50-მდე ადამიანი დააპატიმრეთ და კულიმინაცია, დღეს ადამიანები, რომლებმაც პასუხი უნდა აგონ ამ ჩადენილ საქმეებზე, უნდა მართონ თურმე ქვეყანა და თქვენ უნდა დაგიჭიროთ დღეს პარლამენტმა მხარი და ამის ბოლო წეტილი, სახელმწიფოს მიტაცების, უზურპაციის და ქვეყნის საბოლოო გაუქმების იქნება მომავალი კვირის განმავლობაში პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცება. 20 მოსამართლე პირდაპირ ივანიშვილის ხელწვეითი და უმეტესობა, რომლებიც ივანიშვილისგან იღებდნენ ხელფასს და მისი დაქირავებული პირები იყვნენ, მოგვევლინებიან უზენაესი სასამართლოს წევრებად და მათ შორის ერთ-ერთი, ბატონი ივანიშვილის პირადი ადვოკატი და დღეს გენერალური პროკურორი გახდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და ეს ყველაფერი მოხდება სამი თვის განმავლობაში. რა შეიძლება ამას ვუწოდოთ, თუ არა პირდაპირი მცდელობა ავტორიტარული რეჟიმისათვის“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე განცხადებით, მომავალი მთავრობის შემადგენლობა ძალაუფლების შენარჩუნებისთვის შექმნილი პოლიციური ინსტიტუტია.

„ძალოვანი სტრუქტურები ისე დაალაგა ბიძინა ივანიშვილმა, მთელი ერთი წლის განმავლობაში თქვენ საქმე კი არ უნდა აკეთოთ, ლარს კი არ უნდა უშველოთ, სიღარიბე კი არ უნდა დაძლიოთ და სოციალური პრობლემები კი არ უნდა მოაგვაროთ, თქვენ ხართ საარჩევნო შტაბი. აი, ასეთია ჩვენი შეხედულება, თქვენ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის შექმნილი პოლიციური ინსტიტუტი ხართ და არა ქვეყნის გადასარჩენად მობრძანებული ჯგუფი. ამიტომ, აი ამ კლიპის გაგრძელება იყო ჩემი კომენტარი. ვინ აგო პასუხი. მომავალში რომ აგებს პასუხს, ამის გარანტიას გაძლევთ თქვენ ხალხი და ამაში დარწმუნდებით“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიერგნეთში, ტექნიკური ხასიათის შეხვედრაზე მხარეები ჩორჩანაში შექმნილ ვითარებას განიხილავენ
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი გიორგი გახარიას მიმართავს – იძულებული გავხდი, მოვსულიყავი და თვალებში შემეხედა თქვენთვის