რომან გოცირიძე – ჩვენ ხვალ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ, გიორგი რურუას გათავისუფლება არის ყველა პარტიისა და საერთაშორისო მეგობრის მოთხოვნა

„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით კენჭისყრაში ხვალ მონაწილეობას არ მიიღებს.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, 8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს და ამას ამბობს ყველა საერთაშორისო პარტნიორი.

გოცირიძის განმარტებით, შეთანხმების სრულად შესრულებაში გიორგი რურუას გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა იგულისხმება.

„ჩვენ ხვალ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ. ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ამბობს ერთსა და იმავეს – შეთანხმება უნდა შესრულდეს სრულად. სრულად შესრულება კი ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური პატიმარი არ უნდა ყავდეს ქვეყანას, უნდა გათავისუფლდეს ბოლო პოლიტპატიმარი გიორგი რურუა, საქართველოში კი ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს პილიტიკური დევნა.

ხელისუფლება თუ შეიგნებს იმას, რომ საერთო კონსენსუსით მიღებული საარჩევნო ცვლილებები იქნება უკეთესი ქვეყნისთვის და ის მეტს ნდობას აღძრავს წინასაარჩევნოდ, კარგი იქნება. თუ ვერ შეიგნებს, მაინც მოუწევს მას გიორგი რურუას გათავისუფლება, ვინაიდან ეს არის როგორც ყველა პოლიტიკური პარტიის, ისე ყველა ჩვენი საერთაშორისო მეგობრის მოთხოვნა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებებს ხვალ მესამე, საბოლოო მოსმენით უყრიან კენჭს.

კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

ცვლილებებით განისაზღვრება, რომ პროპორციული არჩევნები ჩატარდება ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში და საარჩევნო ბლოკებისთვის ბარიერი განისაზღვრება ერთი პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით.

პროექტით, გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე. პროექტით გათვალისწინებულია ე.წ. ჩამკეტიც.

კანონპროექტით განსაზღვრულია ისიც, რომ 2024 წლამდე, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, იმოქმედებს წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონპროექტით დადგენილი დროებითი საარჩევნო სისტემა. ამასთან, 2024 წელს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გათვალისწინებული არ არის.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე – შვილებს უნდა ასწავლოთ, გააფრთხილოთ, რომ ადამიანი, რომელიც თავს იკლავს, თავისი ხელით აძლევს სულს ეშმაკს
შემდეგი სტატიასერგო რატიანი: 8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს