პრეზიდენტთან ერთად რუსული კანონის გაუქმებას საკონსტიტუციო სასამართლოს პარლამენტის წევრებიც მოსთხოვენ. სარჩელი უკვე მზადაა. საკანონმდებლო ორგანოში ახლა ნოტარიუსია მისული და დეპუტატების ხელმოწერების ნამდვილობას ამოწმებს. სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ დოკუმენტი ბათუმში გადაიგზავნება.
“ევროოპტიმისტების” ლიდერი ამბობს, რომ ახლა საკონსტიტუციო სასამართლომ კიდევ ერთი ტესტი უნდა გაიაროს, დამოუკიდებლად მოქმედებს თუ ხელისუფლების დაქვემდებარებაშია.
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. როგორ დამთავრდება ეს პროცესი დავინახავთ. იქნება კვლავ ჩვენი ხელისუფლების მორჩილი სასამართლო? დაინახავს ჩვენი ამომრჩეველი. დაინახავენ საერთაშორისო პარტნიორები. დღევანდელი დღით არ იწყება და არ სრულდება ცხოვრება. ამ კანონს მაინც გავაუქმებთ, ახალი ხელისუფლება გადააგდებს სანაგვეში, მაგრამ კონსტიტუციით მონიჭებული უფლება ყოველთვის უნდა გამოიყენოს ადამიანმა”, – აცხადებს რომან გოცირიძე.
ოპოზიციურად განწყობილი ყველა პოლიტიკური ჯგუფი, ყველა პარტია რუსულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს, გარდა იაგო ხვიჩიას “გირჩისა”.
“არ ვაწერთ ხელს, იმიტომ, რომ არ გვჯერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დამოუკიდებელია. მას შემდეგ, რაც კვოტების კანონი გვქონდა გასაჩივრებული და სასაცილო გადაწყვეტილება გამოიტანა საკონსტიტუციომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საკონსტიტუციოს ნდობა არ შეიძლება, აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ სხვების ოპტიმ,იზმი უნდა გვიკვირდეს, თორემ ჩვენი პესიმიზმი ამ საკითხთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ძალიან გასაგებია საზოგადოებისთვის. პროცესი, რომელსაც შედეგი არ მოჰყვება და პირიქით, შეიძლება “ოცნებამ” თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, მე არ მესმის, ამაში რატომ უნდა მივიღო მონაწილეობა”, – ამბობს ხვიჩია.
საკონსტიტიციო სასამართლო კი ამ დრომდე დუმს. მერაბ ტორავას კოლეგიას არ უთქვამს, მიანიჭებს თუ არა პრეზიდენტ ზურაბიშვილის სარჩელს პრიორიტეტის სტატუსს და დაიწყება თუ არა სალომე ზურაბიშვილის სარჩელის სასწრაფო წესით განხილვა.
საკონსტიტუციოს პასუხს ელოდებიან არასამთავრობებიც, რომლებსაც აინტერსებთ, მიიღო თუ არა სასამართლომ წარმოებაში მათი სარჩელი.
საკონსტიტუციოში ორი სარჩელი უკვე შესულია. ორი სარჩელი სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე შევა, თუმცა ჯერ უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლოს პლენუმი.