რომან გოცირიძე: „ბოლო ათი წელია „ქართლი ოცნება“ ენერგეტიკის სფეროში ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას აწარმოებს“

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ ენერგეტიკის სფეროში „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა და ამის მიზეზად რუსეთთან ენერგეტიკულად დამოკიდებულება დაასახელა.

„თუ რა მძიმე მდგომარეობაა ქვეყნის ეკონომიკაში, ამას ხედავ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე. ქვეყანაში მატულობს სიღარიბე, იზრდება ფასები და ამას ემატება ბოლო ათი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ წარმოებული ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა ენერგეტიკის სფეროში. როდესაც ქვეყანა დამოკიდებული გახდა რუსეთზე და სერიოზული პრობლემები ჩნდება ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების კუთხითაც.

პრობლემა არის რუსეთი და 10 წლის განმავლობაში ვერ შეიგნო ამ ხელისუფლებამ, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, რომ რაც უფრო მეტად დავუახლოვდებით რუსეთს, მით უფრო მეტად დაზიანდება ქვეყანა და ძალიან დიდი საფრთხეები შეექმნება ეკონომიკის ბევრ მიმართულებას. ამ დარბაზში არაერთხელ ვაფრთხილებდით, მათ შორის ბატონ კალაძეს, როდესაც მინისტრი იყო, რომ ძალიან ცუდ პოლიტიკას აწარმოებდა ენერგეტიკაში, თუმცა რა პოლიტიკა? ძირითადად მათი პირადი ბიზნეს ინტერესები იყო, როდესაც „გაზპრომი“ შემოიყვანეს. ვიცით რა არის „გაზპრომი“! ის არის რუსეთის ბრძოლის იარაღი, უფრო მძიმე იარაღი ვიდრე ტანკები, ვინაიდან მას რუსეთში პროპაგანდისტული მედია საშუალებები ეკუთვნის, ხოლო დეზინფორმაცია და პროპაგანდა ეს არის მტრის იარაღი. მთელს რეგიონში ფაქტობრივად მას ეკუთვნის გაზის მომარაგების ექსკლუზიური მიწოდების უფლება და ჩვენ ვხედავთ როგორი ზემოქმედება ხდება უკრაინის აგრესიის შემდეგ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ჰერმან საბო: არავის ჭირდება ღარიბი ქვეყნის მიბმა ევროკავშირის ზონაში და მიუხედავად იმისა, მოგვანიჭებენ თუ არა სტატუსს, მოგვიწევს დავეწიოთ ევროპულ ქვეყნებს ეკონომიკით

„არავის ჭირდება ღარიბი, მაჩანჩალა ქვეყნის მიბმა ევროკავშირის ზონაში და მიუხედავად იმისა, ჩვენ მოგვანიჭებენ თუ არა სტატუსს, მაინც მოგვიწევს დავეწიოთ ევროპულ ქვეყნებს ეკონომიკით“,-ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩი“ წევრმა ჰერმან საბომ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას აქვს ეკონომიკური ნაწილი. ნებისმიერ კანონს აქვს ეკონომიკური ეფექტი და ხელისუფლებამ, პოლიტიკური გადაწყვეტილებების პარალელურად უნდა იზრუნოს და ხელსაყრელი ეკონომიკური პირობები შეიქმნას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.

„რუსეთ-უკრაინის ომმა დედამიწაზე მიმდინარე პროცესები დააჩქარა და ამ დაჩქარებულმა პროცესებმა მოიტანა ის, რომ ჩვენ უკვე კითხვარის ორივე ნაწილი შევავსეთ, გადავაგზავნეთ, ველოდებით პასუხებს. გადაწყვეტილებები, რომ დაჩქარებულად მოხდეს ჩვენი გაწევრიანება, რომ ძალთა ბალანსი შეიცვალოს სამყაროში. ეს ყველაფერი პოლიტიკური გადაწყვეტილებებია და ძალიან კარგი იქნება თუ ჩვენ ამ პროცესში მოვახერხებთ და გავხდებით ევროკავშირის ნაწილი, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ გარდა პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა, ამ ყველაფერს ეკონომიკური ფაქტორიც მიყვება და რაც არ უნდა უკრაინის ამბავმა მოიტანოს ის, რომ საქართველოსთვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნას და უფრო სწრაფად მიიღონ ევროკავშირში, უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკურის გარდა ჩვენ ეკონომიკური ნაწილის დაკმაყოფილებაც მოგვიწევს. ნებისმიერ ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ამ დარბაზში მიღებულს, აქვს ეკონომიკური ნაწილი. ნებისმიერ კანონს აქვს ეკონომიკური ეფექტი და ნებისმიერი ჩარევა ადამიანებს შორის ვაჭრობაში, რომელიც ვაჭრობას ანელებს, გამოიწვევს ეკონომიკის უფრო ნელ ზრდას და დროში გადავადებას იმ მომენტის, როდესაც ჩვენ ევროკავშირის წევრები გავხდებით“,-განაცხადა ჰერმან საბომ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში დაბომბვების შედეგად, ჟურნალისტი და ბლოგერი ოქსანა გაიდარი დაიღუპა
შემდეგი სტატიაუნგრეთი უკრაინის ევროკავშირში წევრობას მხარს დაუჭერს