რომან გოცირიძე : ანაკლიის პორტის პროექტი ანაკლიის ზღვაში ჩაიძირა

ვამბობდი, რომ ანაკლიის პროექტი ჩაიშალა, ამ ხელისუფლების პირობებში არ განხორციელდება. ერთი წელიწადია, ვიმეორებ და 100 პროცენტით ახდა, ისევე, როგორც 100 პროცენტით ახდება ხოლმე ლართან დაკავშირებით ჩემი პროგნოზები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი უკვე დასრულებულია.

„ხაზარაძის გუშინდელი განცხადება, თურმე, ივანიშვილს უთქვამს, რომ რა უნდა ამერიკელებს შავ ზღვაში, ეს არის ანაკლიის პროექტისადმი ძირის გამოთხრის ყველაზე მთავარი ფორმულა, ეს არის დოქტრინა. რუსები ამბობენ, რომ – შავი ზღვა არის ჩვენი, ცხვირს ვერ შემოყოფს ვერავინ, ვერც პორტს ააშენებს, ვერც წყალქვეშა ნავებს განალაგებს, ვერც სამხედრო კომპონენტს შექმნის პორტში და ვერც კონკურენციას გამიწევს, ეს არის რუსეთის დოქტრინა და ეს დოქტრინა გაუმეორებია თურმე ივანიშვილს. ანაკლიის პროექტი დამთავრდა, ჩაიძირა ანაკლიის პროექტი ანაკლიის ზღვაში. ამ ხელისუფლების პირობებში ეს არ მოხდება. სამი თვით გაგრძელება დროის გაჭიანურებაა“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, გადავადებებით მთავრობა ილუზიას ქმნის, თითქოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შესაძლებლობას აძლევს.

„ერთხელ გააგრძელეს ვადა, მეორედ, ამით ქმნიან ილუზიას, თითქოს აძლევენ შანსს ანაკლიის კონსორციუმის, როდესაც ყველამ იცის, რომ კონსორციუმს ამ შემადგენლობით არასდროს არავინ მისცემს პორტის პროექტის განხორციელების უფლებას. ეს გვაგონებს საყვარელ ძაღლს რომ კუდი მოაჭრა სამჯერ-ოთხჯერ-ხუთჯერ, გეცოდება და პატარ-პატარაზე, ნაკუწ-ნაკუწ ჭრი და აყენებ ტკივილს. სჯობს. ერთხელ მოჭრა და თქვა – არ აშენდება ანაკლიის პორტი ამ კონსორციუმის მიერ“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

რაც შეეხება პროექტთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას, დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეს ნაადრევია და საკითხის ინიცირების შემთხვევაში, საჭირო ხმები ამ ეტაპზე ვერ მოგროვდება.

„ანაკლიასთან დაკავშირებით აუცილებლად შეიქმნება საგამოძიებო კომისია ან დაიწყება გამოძიება. ხელისუფლების შეცვლისთანავე ანაკლიის პროექტის გამანადგურებელი ადამიანები მიეცემიან პასუხისგებაში. ეს იქნება პროკურატურის თუ პარლამენტის მიერ გამოძიებული, დრო გვაჩვენებს. ჯერჯერობით, ამ ეტაპზე, არ მგონია, რომ კომისიის შექმნა საჭირო იყოს. უნდა დავაკვირდეთ პროცესებს, ძალიან ბევრ რამეს გავიგებთ კიდევ. რაღაც ეტაპზე უკვე შესაძლებელი იქნება კომისიის შექმნის ინიცირება. მით უმეტეს, პარლამენტში უმრავლესობა იშლება და იშლება. თავიდან 27 კაცი ვიყავით ოპოზიციაში, ახლა 15-20 დაგვემატა. ამიტომ ძალიან მცირე რაოდენობა აკლია კომისიის შესაქმნელად ხმების რაოდენობას, 50 კაცს. ჯერჯერობით 50 არ არის, ამიტომ ვნახოთ, როცა ამის აუცილებლობა იქნება, მე მოვახდენ ინიცირებას“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა გუშინ ამოეწურა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა აძლევს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ საშუალებას, ბოლომდე გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსი და ფინანსური ვალდებულებების შესრულებისთვის დაწესებულ საბოლოო ვადამდე, ანუ 2019 წლის ბოლომდე მოიზიდოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ისე მიაღწიოს საერთაშორისო ბანკებიდან წერილობით შეთანხმებას პორტის მშენებლობის პროექტის დასასრულებლად.

banner
წინა სტატიაში“გადაწყვეტილება ხელშეკრულების არშეწყვეტასთან დაკავშირებით არის მისასალმებელი” – ანაკლიის კორსორციუმის აღმასრულებელი დირექტორი
შემდეგი სტატიალილუაშვილის სუს-ის ხელმძღვანელად დანიშვნა კანონთან შესაბამისობაში არ არის – ბოკუჩავა