რომან გოცირიძე – 50 ლარს მე გადავუხდი ჩემი ხელფასიდან, თუკი მინისტრები იქნებიან „გირჩის“ სასულიერო პირებად გამოცხადებულები

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე​ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც პოლიტიკურ გაერთიანება „გირჩს“ შეეხებოდა.

რომან გოცირიძის თქმით, „გირჩმა“ ხელისუფლებას კარგი გაკვეთილი მოუწყო და ისინი „საჩვენებლად გააბითურა“. ​

„უაზრო განცხადება, თუნდაც იმის გამო, რომ თუ არის ხელისუფლება და თუ რაღაც პრობლემას ხედავენ „გირჩის“ ნაბიჯებში, მათ შეეძლოთ მოეგვარებინათ, მაგრამ შემოვიდა პარლამენტში ხელისუფლების მიერ დაწერილი კანონპროექტი, რომელიც ფაქტობრივად იყო ანტიკონსტიტუციური. ამ მომენტში მართლა უხდებათ უნიათოს დაძახება. ძალიან კარგი გაკვეთილი მოუწყო „გირჩმა“, საჩვენებლად გააბითურა ხელისუფლება. ახლა, თუ უნდათ მინისტრები გამოცხადდნენ და ეკურთხონ მღვდლებად. გადაიხადონ 50 ლარი. ამის ღირსი იქნებიან. იქ გამოცხადების გარეშე თუ „გირჩი“ „გირჩის“ მღვდლებად გამოაცხადებს, ეს იქნება ყველაზე ადეკვატური პასუხი. 50 ლარს მე გადავუხდი ჩემი ხელფასიდან, თუკი ესენი იქნებიან „გირჩის“ სასულიერო პირებად გამოცხადებულები“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „გირჩი“ სამხედრო სავალდებულო სამსახურის კუთხით სახელმწიფოს ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია -უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია, მცირე გამონაკლისის გარდა, მიუღებელი და საგანგაშოა
შემდეგი სტატიაგავლილია აქვს თუ არა მომავალ თავდაცვის მინისტრს სავალდებულო სამხედრო სამსახური