რომან გოცირიძე: ანაკლიის პროექტი შეჩერდა რუსეთის დავალებით

ანაკლიის პროექტი შეჩერდა რუსეთის დავალებით, მთავრობამ მოღალატეობრივი გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, ანაკლიის პროექტის შეჩერება მოსალოდნელი იყო.

„ამაზე ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ვამბობდით, რომ ანაკლიის პროექტი არ განხორციელდება და რაც ხდებოდა, ფულის გათეთრების ბრალდებით ხაზარაძესთან დაკავშირებით, რაც მიმდინარეობდა ინვესტორების დაფრთხობის კუთხით, რომ არ ჩაედოთ ფული ანაკლიაში, ფაქტობრივად დამთავრდა ამ შედეგით. მთავრობა არ აპირებდა ამის გაკეთებას. წელს უნდა შემოსულიყო პირველი გემი და რა აზრი აქვს გემის შემოსვლას, თუ არ იქნება გზა მიყვანილი რკინიგზამდე. მთავრობას არა თუ გზა არ აქვს გაყვანილი, პროექტირებაც არ არის დაწყებული, ეს რომ განხორციელდეს სულ მცირე ოთხი წელი დასჭირდება. თავიდანვე იყო ცნობილი მათთვის, რომ ანაკლიის პროექტი არ უნდა განხორციელებულიყო. ეს არის ქვეყნის ღალატი. ამ პროექტს ჰქონდა უდიდესი გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ქვეყნებისთვის. დავკარგეთ დრო, ხოლო ის, რომ მომავალში ახალ ინვესტორს მოძებნიან, ეს არის ტყუილი. ამ ხელისუფლების პირობებში ანაკლიის პროექტი არ განხორციელდება, კვლავ იქნება დროის გაწელვა. ამ პერიოდში რუსები ააშენებენ ახალ პორტს აზოვის ზღვასთან ახლოს შავ ზღვაში, დამანში და რეალურად, ამის შემდეგ, იქნება უკვე მიზანი მიღწეული რუსეთისა, ანუ დასწრებაზე იყო და გვასწრებენ. დანაშაული ჩაიდინა საქართველოს ხელისუფლებამ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურებს იწყებს.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე: ანაკლიაზე ხელშეკრულების შეწყვეტით ივანიშვილმა კრემლის დავალება შეასრულა
შემდეგი სტატიამღვდელმონაზონი ანდრია სარია: ეს არის ადამიანის გაწირვა, გაწირვა როგორც ეკლესიის, ისე ხელისუფლების მხრიდან