“რომ მქონდეს შესაძლებლობა, ბოტანიკური ბაღის გასხვისების აუქციონში მონაწილეობას მივიღებდი”

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გუგული მაღრაძე პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ ბოტანიკური ბაღი კერძო მფლობელობაში გადავიდეს.

დეპუტატის თქმით, მთავარია, მისმა მფლობელმა აიღოს ვალდებულება, რომ ბოტანიკური ბაღი, როგორც კულტურული მემკვიდრეობა, ისე შეინარჩუნოს.

“მთავარია, რომ ბოტანიკური ბაღი არსებობდეს და ეს უფრო უკეთესად კერძო ინვესტოროს ხელში გაკეთდება, თუ სახელმწიფოს ხელში, იმის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. არის ბევრი საქმე, რომელსაც კერძო ინიციატივა უფრო კარგად კეთდება და არის რაღაცეები, რაც საჯარო მმართველობის ხელშია და არ კეთდება. რაც შეეხება აუქციონს, ამაზე დიდი ხანია, იყო საუბარი. ბოტანიკურ ბაღს საკმაოდ უჭირდა თავისი თავის მოვლა. კადრებიც შეამცირეს, ორი-სამი კადრი დადიოდა მხოლოდ და ეს აუქციონის იდეა ახალი არ არის”, – განაცხადა მაღრაძემ “პირველ პრესკლუბში”.

მისი თქმით, აუქციონზე როცა გამოიტანენ რაიმეს, შეუძლია ყველამ მიიღოს მონაწილეობა, ვისაც ამის სურვილი აქვს.

“მე რომ მქონდეს შესაძლებლობა, მივიღებდი მონაწილეობას. ძალიან კარგი პროექტები და აზრები მაქვს, რა უნდა გაკეთდეს ბოტანიკურ ბაღში. ბოტანიკური ბაღის აუქციონზე გამოტანა და კერძო მფლობელობაში გადასვლა არაფერს ნიშნავს. მთავარია, რა პირობებით იყიდება. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიც შეიძლება კერძო მფლობელობის ქვეშ იყოს, თუმცა კერძო პირმა უნდა აიღოს ვალდებულება, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს კულტურული ძეგლი. თქვენ გგონიათ მსოფლიოში სხვადასხვა ისტორიული ძეგლი – ის სასახლეები სახელმწიფოს საკუთრებაა?! კერძო საკუთრებაა, მაგრამ მის მფლობელს აქვს ვალდებულება, რომ შეინარჩუნოს, როგორც კულტურული ძეგლი”, – განაცხადა მაღრაძემ.

შეგახსენებთ, დღეს სრულდება აუქციონი ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 29 ჰექტარი ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით, რომელზეც კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი ახალი გზა უნდა გაკეთებულიყო. არასამთავრობოების ნაწილი აქციებს გეგმავს. მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გასხვისება, ან ჩამოჭრა დაუშვებელია.

მერიის განცხადებით, ტერიტორიაზე 4 ჰექტარი მიწის ფართობის არა ჩამოჭრა, არამედ ანალოგიური ტერიტორიით ჩანაცვლება მოხდა.

banner
წინა სტატიაშიანი მიროტაძე აუქციონის შეჩერების ინიციატივით გამოდის
შემდეგი სტატია,, ეს არის დანაღმულ ველზე შესვლა”