„როიტერი“ – რომის პაპმა უკრაინაში სისასტიკის გამო, რუსეთი გააკრიტიკა, თუმცა განაცხადა, რომ შესაძლოა, ომი რაღაც გზით პროვოცირებული იყო ან არ იქნა აღკვეთილი

რომის პაპმა ფრანცისკემ გააკრიტიკა რუსეთი უკრაინაში სისასტიკის გამო და ამავდროულად განაცხადა, რომ შესაძლოა, ომი პროვოცირებული იყო, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„როიტერის“ ცნობით, რომის პაპს გასულ თვეს ჰქონდა საუბარი იეზუიტური მედიის რედაქტორებთან, რომლის ტექსტი დღეს იქნა გამოქვეყნებული. მედიის ცნობით, პაპმა ფრანცისკემ გააკრიტიკა რუსეთი უკრაინაში ჩადენილი სასტიკი, ულმობელი, საზარელი ქმედებების გამო და შეაქო უკრაინელების მამაცური ბრძოლა გადარჩენისთვის. თუმცა ამასთან აღნიშნა, რომ ომი შესაძლოა, რაღაც გზით პროვოცირებული იყო.

როგორც მედია წერს, რომის პაპმა განაცხადა, რომ რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე ვლადიმერ პუტინი საკუთარ ჯარებს გაგზავნიდა უკრაინაში, პონტიფიკი შეხვდა სახელმწიფოს მეთაურს, რომელმაც გამოთქვა შეშფოთება, რომ ნატო იმგვარად მიუახლოვდა რუსეთს, რომ შესაძლოა, ომი გამოიწვიოს.

„ჩვენ ვერ ვხედავთ მთელ დრამას, რომელიც იშლება ამ ომის უკან, რომელიც შესაძლოა, რაღაც გზით პროვოცირებული იყო ან არ იქნა აღკვეთილი“, – განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.

„როიტერის“ ინფორმაციით, რომის პაპმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ჯარების სისასტიკის დაგმობისას არ უნდა იქნას დავიწყებული არსებული რეალური პრობლემები, თუ მათი გადაჭრის სურვილი არსებობს. მისი თქმით, სამხედრო მრეწველობა არის იმ ფაქტორებს შორის, რომელიც ომის გაჩაღებას სტიმულს აძლევს.

„ასევე, მართალია, რომ რუსები ფიქრობდნენ, ყველაფერი ერთ კვირაში დამთავრდებოდა. მათ არასწორი გათვლები გააკეთეს. ისინი დაუპირისპირდნენ მამაც ხალხს, ხალხს, რომლებიც იბრძვიან გადარჩენისთვის და რომელთაც აქვთ ბრძოლის ისტორია“, – აღნიშნა პაპმა.

წინა სტატიაშიანა ნაცვლიშვილი – საქართველოს ხელისუფლება დაკავებულია შეტევით, მუქარით მაშინ, როდესაც საქმეს უნდა აკეთებდეს და ახლაც ბრიუსელში იყოს მაღალი წარმომადგენლობითი დელეგაცია
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლობალაიზის პირველი ევროპული კონფერენცია პარიზში წარმატებით ჩატარდა