„როიტერი“ – პუტინი მზად არის, ტრამპთან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხი განიხილოს, თუმცა ტერიტორიების დაბრუნებას არ აპირებს და მოითხოვს, კიევმა ნატო-ში გაწევრიანებაზე თქვას უარი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზად არის, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხი განიხილოს, თუმცა ტერიტორიების დაბრუნებას არ აპირებს და მოითხოვს, რომ კიევმა ნატო-ში გაწევრიანებაზე თქვას უარი, – ამის შესახებ „როიტერთან“ კრემლის მოქმედმა და ყოფილმა მაღალჩინოსნებმა ექსკლუზიურად, ანონიმურობის დაცვით ისაუბრეს.

მათი თქმით, კრემლი, შესაძლოა, დათანხმდეს კონფლიქტის გაყინვას ფრონტის ხაზის გასწვრივ. გამორიცხული არ არის, მოლაპარაკებები გაიმართოს უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე რუსეთის მიერ ოკუპირებული ოთხი რეგიონის – დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის დაყოფასთან დაკავშირებით.

რუსეთი ასევე, შესაძლოა, დათანხმდეს შედარებით მცირე ზომის ტერიტორიებიდან ძალების გაყვანას, რომელსაც ამჟამად ხარკოვისა და მიკოლაევის რეგიონებში იკავებს.

ამასთან, როგორც „როიტერი“ წერს, ცოტა ხნის წინ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნებისმიერი შეთანხმება უნდა ასახავდეს ადგილზე არსებულ „რეალობას“.

კრემლის ორი წყარო აღნიშნავს, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამ, რომლითაც უკრაინას ნება დართეს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოიყენოს შორ რადიუსზე მოქმედი ამერიკული შეიარაღება, შესაძლოა, გაართულოს და გადაავადოს ნებისმიერი შეთანხმების მიღწევა, ასევე გაამკაცროს მოსკოვის მოთხოვნები.

კითხვაზე, როგორი შეიძლება იყოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ორი ანონიმური თანამოსაუბრე 2022 წლის აპრილში შემუშავებულ და თითქმის მიღწეულ შეთანხმებას იხსენებს, რომელიც სტამბოლის მოლაპარაკებების შედეგად შემუშავდა. აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებდა, რომ უკრაინა უნდა დათანხმებულიყო მუდმივ ნეიტრალიტეტს, გაერო-ს ხუთი მუდმივი წევრისგან უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების სანაცვლოდ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ შეეგუება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას ან ნატო-ს ჯარებს უკრაინის ტერიტორიაზე, მოსკოვი მზად არის, განიხილოს უსაფრთხოების გარანტიები კიევისთვის. მათივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება ვერ შედგება, რუსეთი ბრძოლას განაგრძობს.

„ამჟამად რუსეთი უკრაინის ტერიტორიის 18%-ს აკონტროლებს, მათ შორის მთლიანად ყირიმის ნახევარკუნძულს, დონეცკისა და ლუგანსკის 80%-ს, ზაპოროჟიესა და ხერსონის 70%-ს და ხარკოვისა და მიკოლაევის, დაახლოებით, 3%-ს. უკრაინას კი რუსეთის კურსკის რეგიონში 650 კვადრატული კილომეტრი აქვს დაკავებული“,- წერს „როიტერი“.

banner
წინა სტატიაშიახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, რათა მოხდეს ფუნდამენტური პოლიტიკური ცვლილებები, ამის გარეშე ჩვენი გზა ევროპაში ჩახერგილია-ნიკა გვარამია
შემდეგი სტატია„პუტინი მზად არის უკრაინის საკითხზე კონტაქტებისა და მოლაპარაკებებისთვის“ – პესკოვი