აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი პრეზიდენტობის ყველაზე სავარაუდო კანდიდატია იმ შემთხვევაში, თუ ჯო ბაიდენი არჩევნებში თავის კანდიდატურას მოხსნის. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ თეთრი სახლის, დემოკრატიული პარტიისა და ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანიის შვიდ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც მედია წერს, პირველმა საპრეზიდენტო დებატებმა, რომელიც გასულ კვირას დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის გაიმართა, დემოკრატიულ პარტიაში პანიკა და შეშფოთებები გამოიწვია იმასთან დაკავშირებით, რამდენად შეძლებს ჯო ბაიდენი მეორე ვადით ქვეყნის გაძღოლას.
კამალა ჰარისის გარდა, დემოკრატები ასევე განიხილავენ გუბერნატორების გევინ ნიუსომის, გრეტჩენ უითმერისა და ჯოშ შაპიროს კანდიდატურებს.
„როიტერის“ მიერ წარმოებული გამოკითხვის თანახმად, კამალა ჰარისი დონალდ ტრამპს 1%-ით ჩამორჩება. ტრამპმა 43%, ხოლო ჰარისმა 42% მიიღო. დემოკრატიული პარტიის ყრილობა 19-22 აგვისტოს განმავლობაში ჩატარდება, სადაც პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატი ოფიციალურად უნდა დაასახელოს.