ქუთაისის საკრებულოს დაჭრილი დეპუტატი ზაქრო მამასახლისი ქუთაისის საეკლესიო კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმის განმარტებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
“მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით ის შეყვანილ იქნა ემერჯენსის განყოფილებაში, სადაც ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება, მათ შორის ქირურგიული ჩარევა. აღნიშნული ღონისძიებების შედეგად ავადმყოფის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, გადაყვანილია განყოფილებაში და აგრძელებს მკურნალობას. მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია”, – ამბობს ექიმი.
დაკავებულია კაცი, რომელმაც ქუთაისში საკრებულოს დეპუტატი დაჭრა. მეზობელზე თავდამსხმელი ბრალის წარდგენას ელოდება. ქუთაისში საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამით გაგრძელდა. ყვითელი ლენტებით იყო შემოსაზღვრული ზაქრო მამასახლისის სასტუმრო, სადაც ეჭვმიტანილმა, ის დანით დაჭრა.
“ქართული ოცნების” დეპუტატსა და ეჭვმიტანილს შორის დაპირისპირება საკანალიზაციო ჭასთან დაკავშირებულ დავას ეხება.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.