აჭარის ა/რ კულტურის მინისტრის ელისო ბოლქვაძის ქონებრივი მდგომარეობა, რომელიც მან 2025 წლის ამსახველ დეკლარაციაში შეიტანა, შეადგენს დანაზოგს დოლარში, საზღვარგარეთ შემოქმედებითი საქმიანობის ჰონორარს, მინისტრის ხელფასს და ბინას თბილისში.
ელისო ბოლქვაძემ აჭარის მთავრობაში კულტურის მინისტრის პოსტი 2025 წლის მარტიდან დაიკავა და როგორც თავად დეკლარაციაში აღნიშნავს, 2025 წლის იანვარ-თებერვალში ის არსად მუშაობდა. გასულ წელს 10 თვეში მინისტრის პოსტზე მიღებული სახელფასო ანაზღაურება სახით მან 65 148 ლარი მიიღო.
ამ შემოსავლის გარდა, მაღალჩინოსანმა 2025 წელს საზღვარგარეთ შემოქმედებითი საქმიანობიდან ჰონორარის სახით 26 741 ევრო მიიღო.
მინისტრმა 2025 წელს ბინა 208 000 დოლარად გაყიდა და თბილისში, გულიას ქუჩაზე 80.9 კვ.მ-ის ფართობის ბინა 133 000 დოლარად შეიძინა. სწორედ ეს ბინა აქვს მხოლოდ შეტანილი ბოლქვაძეს უძრავი ქონების გრაფაში.
დეკლარაციის შევსების დროისთვის ელისო ბოლქვაძეს „ლიბერთი ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 5 172 ლარი, დეპოზიტზე კი 34 127 დოლარის დანაზოგი ჰქონდა.
კულტურის მინისტრი ქონებრივ დეკლარაციაში გასავლის სახით ბინის ქირავნობის ხარჯს უთითებს, რაც გასული წლის განმავლობაში ანუ დაახლოებით 10 თვეში ჯამში 23 446 ლარს შეადგენს. ბოლქვაძე აღნიშნავს, რომ ბინის ქირის ღირებულება მოიცავს კომუნალურ და სხვა ხარჯებს, რის გამოც ბინის თვის ღირებულება ცვალებადია.
ცნობისთვის, აჭარის კულტურის მინისტრად დანიშვნამდე ელისო ბოლქვაძე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით 2020-2024 წწ. საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, 2021-2024 წლებში კი საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

















