როგორი სახელმწიფოცაა, ისეთი ელჩია – პოლონეთის საგარეო რუსეთის ელჩზე

“როგორი სახელმწიფოცაა, ისეთი ელჩია” – ამ სიტყვებით შეაფასა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პიოტრ ვავჟიკმა პოლონეთში რუსეთის ელჩის, სერგეი ანდრეევის საქმიანობა. მას პოლონეთის სეიმში სამოქალაქო კოალიციის წევრის, პაველ კოვალის კითხვას უპასუხა. კერძოდ, კოვალმა იკითხა – “ხომ არ არის დრო, რუსეთის ელჩს ვუთხრათ, რომ მისი ადგილი მოსკოვშია”.

“რუსეთის ელჩი ასრულებს მოსკოვის ბრძანებებს, რაც არის რუსეთის ფედერაციის პოლიტიკა, ის არის ელჩის საქციელიც” – თქვა მინისტრის მოადგილემ და აღნიშნა, რომ ანდრეევის საქმიანობის უმეტესობა პროვოკაციად უნდა შეფასდეს. ვავჟიკი ამბობს, რომ რომ რუსეთის ელჩი ბოლო თვეების განმავლობაში არაერთხელ დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, რათა “აეხსნა თავისი ქმედებები, განცხადებები და საქციელი“. მან აღნიშნა, რომ ამის მიუხედავად, პოლონეთი, ისევე როგორც ევროკავშირისა და ნატოს სხვა ქვეყნები, ინარჩუნებს დიპლომატიურ და საკონსულო ურთიერთობებს რუსეთთან.

რაც შეეხება რუსეთის ელჩისთვის წითელი საღებავის შესხმის ფაქტს, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ “ეს ინციდენტი არ უნდა მომხდარიყო”.

9 მაისს რუსეთის ელჩს პოლონეთში, სერგეი ანდრეევს ვარშავაში წითელი საღებავი შეასხეს. მან საბჭოთა ჯარისკაცების მემორიალი ყვავილებით შეამკო, სადაც დემონსტრანტები უკრაინის დროშებით და უკრაინის ქალაქების ნგრევის ამსახველი ბანერებით დახვდნენ. აქციის მონაწილეებს სისხლიანი ტანსაცმელი ეცვათ. ისინი რუსეთის საელჩოს თანამშრომლებს “ფაშისტებს” ეძახდნენ.

“მე ვამაყობ ჩემი პრეზიდენტით”. – თქვა სერგეი ანდრეევმა წასვლისას და ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკზე თქვა, რომ “ეს ტერიტორიები არ ეკუთვნის უკრაინას“. პოლონური მედიის ცნობით, მან ტერიტორია პოლიციის დახმარებით დატოვა.

სერგეი ანდრეევის შეფასებით, “ყველაფერი დიდი ხნის მომზადებულია”. მას არ სჯერა, რომ “ეს იყო რაღაც სპონტანური ქმედება”. რუსეთის ელჩი მიიჩნევს, რომ მასზე თავდასხმის მზადებას “შესაბამისი პოლონური სამსახურები აკონტროლებდნენ”. ანდრეევის თქმით, პოლონეთის ხელისუფლება თავად მას ადანაშაულებს “განზრახ პროვოკაციაში“.

banner
წინა სტატიაშიპუტინისთვის მონანიება რთული იქნება, მასთან ურთიერთობების ნორმალიზების შესაძლებლობას ახლა ვერ ვხედავ – ჯონსონი გამოქვეყნდა: 1 წუთის წინ
შემდეგი სტატიაადამიანს რა დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი, მის ჯანმრთელობას უნდა მიხედო – ვოლსკი