,,როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული, საქართველო მტკიცედ გააგრძელებს სვლას ნატო-ს წევრობისკენ”

აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაფართოება შეუძლებელია

როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული ვარშავის სამიტზე, საქართველო მტკიცედ გააგრძელებს სვლას ნატო-ს წევრობისკენ, – ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც იგი ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობს.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მიზანია ნატო-ს წევრობა, ალიანსის გადასაწყვეტია რა ინსტრუმენტებით უზრუნველყოფს საქართველოს გაწევრიანებას.
“ჩვენ დღეს გაგვაჩნია ყველა საჭირო ინსტრუმენტი ამისთვის, მათ შორის, ნატო-ს სამხედრო ძალებთან თავსებადობის კუთხით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე იყოს თანმიმდევრული, რადგან ნატო-ს წევრობა არის საქართველოს საბოლოო მიზანი და ქვეყანა მზად უნდა იყოს იმ პერიოდისთვის, როცა ეს შესაძლებელი გახდება.
“ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ნატო-ს წევრობა არის საქართველოს საბოლოო მიზანი და ამ მიმართულებით უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა დაველოდოთ იმ დროს, როცა ეს შესაძლებელი გახდება. ნატო უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ საქართველოს გაწევრიანებზე მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება, საქართველო კი, თავის მხრივ, ყველაფერს აკეთებს, რათა შეიძინოს ის ინსტრუმენტები, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს გაწევრიანებას ალიანსში. ვფიქრობ, რომ უკვე გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი სახეზე, ამას ხაზს უსვამენ ჩვენი პარტნიორები და ამ მიმართულებით გავაგრძლებთ მუშაობას”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო მონაწილეობს ნატო-ს სამშვიდობო ოპერაციებში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალურ უსაფრთხოებაში.
“ჩვენ ასევე ვმონაწილეობთ ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში, რომელიც არა მხოლოდ ავღანეთში, არამედ მთლიანად რეგიონში უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და სტაბილურობას, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ჩვენ გვაქვს ყველაფერი, რაც საჭიროა ნატო-ს წევრობისთის, თუმცა უნდა იყოს მზაობა თავად ნატო-ს ყველა წევრის მხრიდან, რათა მიღებული იქნას ეს გადაწყვეტილება. დღეს ჩვენ არ ვიცით რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ვარშავის სამიტზე, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება, საქართელო თანმიმდევრულად, მტკიცედ გააგრძელებს ამ ვექტორს – ნატო-ს წევრობისკენ სვლას”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, აღნიშნულ მინისტერიალზე ერთ-ერთ საკითხად მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, თუ როგორი იქნება ნატო-ს მომავალი მის გაფართოებასთან დაკავშირებით. საქართველოს დელეგაციის მიზანია, რომ საქართველოს ნატო-სკენ მიმავალ გზაზე მოვახდინოთ მეტი მხარდაჭერის კონსოლიდაცია.
“ჩვენ ვართ ძალიან საიმედო და სანდო პარტნიორი ნატო-ს ალიანსისთვის, ვმონაწილეობთ ნატო-ს სამშვიდობო ოპერაციებში და დიდი იმედი გვაქვს, რომ ის რეფორმები, რომელიც საქართველოში ტარდება როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური მიმართულებით, სათანადოდ იქნება დაფასებული ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
საქართველოს ვიცე პრემიერი ნატო-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობს, რომელიც 1-2 დეკემბერს იმართება. გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს მტკიცე მხარდაჭერის მისიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, სადაც სიტყვით გამოვა. ასევე კოლეგა მინისტრებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

banner
წინა სტატიაშიერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4021 ლარი გახდა
შემდეგი სტატიასაავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე შეზღუდვებს აწესებს