როგორც წინა ხელისუფლება დაისაჯა ადამიანის უფლებების გათელვისთვის, ისე უნდა დაისაჯოს ეს ხელისუფლებაც – ხოშტარია მმართველ გუნდს 7 ნოემბრის მოვლენებიდან დასკვნის გამოტანას ურჩევს

11 წელი 7 ნოემბრიდან – 11 წლის წინ წინ ოპოზიციის საპროტესტო აქციები სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზის, ხელკეტების და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. დღის ბოლოს კი, სპეცდანიშნულების რაზმი ტელეკომპანია “იმედში” შეიჭრა, რაც საბოლოოდ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით დასრულდა.

კრიზისის საპასუხოდ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი გამოაცხადა, რომელიც 2008 წლის იანვარში ჩატარდა.

ხელისუფლების ოპონენტები მმართველ პარტიას ურჩევენ გამოიტანონ მაგალითი 11 წლის წინანდელი მოვლენებიდან. „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ზუსტად იმავე მეთოდებით მოქმედებს, რასაც ადგილი ჰქონდა 2007 წლის 7 ნოემბერს, მისი თქმით, როგორც წინა ხელისუფლებას არ აპატია საზოგადოებამ ადამიანი უფლებების დარღვევა ისევე არ ეპატიება ახლანდელ ხელისუფლებას.

„7 ნოემბერს ქართულმა საზოგადოებამ სამართლიანად არ აპატია იმ ხელისუფლებას მოპყრობა ადამიანების მიმართ, ტელევიზიისა და ჟურნალისტების მიმართ. რასაც ჩვენ ვუყურებთ, ამ ხელისუფლებამ გამოიტანა გაკვეთილი, რომ გათელოს ადამიანის უფლებები, რუსთაველზე ზუსტად იმ ადგილას დაუხიოს და წაართვას კარვები ზაზა სარალიძეს, გამოიტანა გაკვეთილი რომ დღეს საზოგადოებას ემუქრებოდეს სამოქალაქო დაპირისპირებით, გამოიტანა გაკვეთილი რომ ებრძოდეს “რუსთავი 2”-ს როგორც წინა ხელისუფლება დაისაჯა ამისთვის, რომელიც პარალელურად ბევრ რამეს აკეთებდა სხვათაშორის, ზუსტად ეს ხელისუფლება აუცილებლად უნდა დაისაჯოს იმიტომ რომ ყველა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ერთი უნდა ებრძოლო ადამიანის პრობლემებს და მეორე არ უნდა დაარღვიო ადამიანის უფლებები,“-ამბობს ელენე ხოშტარია.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქში ქუჩის მუსიკის ფესტივალი და ღამის ეკონომიკის პირველი საერთაშორისო ფორუმი გაიმართება
შემდეგი სტატია“ევროპულ საქართველოს” პარლამენტში საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების შესრულების მოთხოვნით, რეზოლუციის პროექტი შეაქვს