დაწყევლილი 27 სექტემბერიც დადგა.
დღეს ოცდამეთერთმეტედ დაეცემა სოხუმი.ოცდამეთერთმეტედ გასკდება გული და დაგროვილი ბოღმა, ტკივილი და უსუსურობის შეგრძნება თვალებიდან ცრემლად წამოვა.
ოცდამეთერთმეტედ იზეიმებენ აფხაზები ამ დღეს, რომელიც სხვა არაფერი იყო, თუ არა ქართველთა მასობრივი ჟლეტა.ოცდამეთერთმეტედ შესვამენ აფხაზები თავისუფლების სადღეგრძელოს, ოღონდ სიტყვა თავისუფლებას სულ უფრო დაბალ ხმაზე იტყვიან, ან საერთოდ აღარ ახსენებენ.
ისინი უკვე კარგად ხვდებიან, რომ ქართველებთან იყვნენ თავისუფლები, მათ შეუნარჩუნეს ენაც, შეუქმნეს ანბანი, გაუხსნეს აფხაზური უნივერსიტეტი, ტელევიზია. რუსებს კი ყველაფერი ფეხებზე ჰკიდიათ. მათთვის აფხაზეთი მხოლოდ ტერიტორიაა და ყველაფერ აფხაზურს რუსული ჩექმით თელავენ.
სიმართლე გითხრათ, ნაკლებად მაღელვებს აფხაზების ბედი. ვერც იმას მოგატყუებთ რომ მათ ძმებად მივიჩნევ. ვერ მივიჩნევ იმიტომ რომ ათასი საშინელება ჩაიდინეს და უკადრებელი იკადრეს. ომში ყველაფერი მოსულა, მაგრამ ომსაც აქვს თავისი კანონები.
ისენი ქართველების სიძულვილით ისე იყვნენ დაბრმავებული, რომ ქალები, ბავშვები და მოხუცებიც კი არ დაინდეს. არადა, კავკასიური ადათით ქალზე, ბავშვზე და მოხუცზე ომშიც კი არ შეიძლება ხელის აღმართვა.
ამათ კი ჯერაც დაუბადებელი ბავშვები დახოცეს -ორსულ ქალებს მუცლებს უფატრავდნენ. მოხუცებს და ბავშვებს ცოცხლად წვავდნენ ან ცოცხლად მარხავდნენ. ქალებს აუპატიურებდნენ და მერე ხვრეტდნენ.
მათ მხოლოდ ერთი დანაშაულისთვის იმეტებდნენ სიკვდილისთვის – ისინი ქართველები იყვნენ.
აფხაზების გარდა ქართველების ჟლეტაში რუსები, ბაგრამიანის სახელობის სომხური ბატალიონი და მოსკოვის მიერ ჩრდილოეთ კავკასიაში შეგროვებული მკვლელები მონაწილეობდნენ.
31 წლის წინ ამ დროს სოხუმში და მის მიდამოებში ქართველების სისხლის მდინარეები მოედინებოდა.
მიწიერ ჯოჯოეთად ქცეული სოხუმიდან ხალხმა თავის დაღწევა კოდორის ხეობის გავლით სცადა. იქ უარესი ჯოჯოხეთი დახვდათ. იმ წელს ნაადრევად მოვიდა თოვლი და უამრავი ლტოლვილი გზაში გაიყინა. ბევრი შიმშილით მოკვდა. ბევრიც დაუძლურდა და ვეღარ გაუძლო ჯოჯოხეთური გზის სიმძიმეს. დღეს ოცდამეთერთმეტედ დაეცემა სოხუმი.
ოცდამეთერთმეტედ გასკდება გული და სულ უფრო ნაკლებად გავიგონებთ, ერთ დროს იმედისმომცემ ფრაზას – ჩვენ დავბრუნდებით.
სამაგიეროდ აფხაზებისგან, მათ შორის იმათგანაც ვინც ჩვენს წინააღმდეგ იარაღით იბრძოდა გაიგონებთ შემდეგ სიტყვებს:
– მალე ქართველებს და ჩვენ ერთ სანგარში მოგვიწევს ჩაჯდომა და რუსების წინააღმდეგ ბრძოლა.
ესენიც მიხვდნენ რუსული ჩექმის „კეთილშობილებას“. მართლაც ჩაჯდებიან რუსების წინააღმდეგ სანგაში, მაგრამ არის ერთი მაგრამ… როცა ეს დრო დადგება, სანგარში ჩამჯდომი აფხაზე შეიძლება აღარ დარჩეს.
…
დღეს ოცდამეთერთმეტედ დაეცემა სოხუმი.
როგორც ოთარ ჭილაძე იტყოდა: „მე დაკარგულად არ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია“.
მე აფხაზეთი ჩემი ნებით არ დამითმია.