როგორც კი უცხოელი პარტნიორები არ დაუჭერენ მხარს „ნაცმოძრაობას“, ისინი ხდებიან ლანძღვის საგანი, როგორც ჩანს, ეს ბედი გაიზიარა ბატონმა კასიანოვმაც – წულუკიანი

„ნაციონალური მოძრაობა“ ლანძღავდა, აბულინგებდა, ცდილობდა, დაეჩაგრა, კუთხეში მოემწყვდია ჩვენი არაერთი უცხოელი მეგობარი და პარტნიორი, მე პირადად ამას ვუყურებ თითქმის ათი წელია, ეს ყოველთვის ასე იყო. ბატონი კასიანოვი ალბათ გამონაკლისი არ არის, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მინისტრმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას გავრცელებულ ხმოვან შეტყობინებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ანდრეი კასიანოვს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.

„ნებისმიერი უცხოელი პარტნიორი ყოველთვის იყო თავდასხმის მსხვერპლი, იქნებოდა ეს მეზობელი ქვეყნის თუ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩი. გვახსენდება, რომ ქალბატონი დეგნანი, როდესაც კი გააკეთებდა საქართველოს მთავრობის შესაბამისი კურსის მხარდამჭერ განცხადებას, ყოველთვის ხდებოდა თავდასხმის მსხვერპლი. ასე იყვნენ სხვა უცხოელებიც, ვინაიდან, ჩვენი ოპოზიციისთვის მიუღებელია, რომ ვინმემ შეაქოს მთავრობა ან შეაქოს ამით ქვეყანა. მთავარია, რომ ისინი იყვნენ მოწონებულნი თავიანთ ქმედებებში, გამონათქვემებში უცხოელი პარტნიორების მიერ. ვინაიდან მათ ამომრჩეველი უკვე მეათე წელია მხარს არ უჭერს, ერთადერთი მხარდაჭერა, რომლის იმედიც ბოლო ათი წელია მათ აქვთ, არიან უცხოელი პარტნიორები. როგორც კი ეს უცხოელი პარტნიორი კოლექტიური სახელწოდებით რომ მოვიხსენიო, არ დაუჭერს მათ მხარს, ეს უცხოელები ხდებიან ლანძღვის საგანი. ეს ბედი გაიზიარა როგორც ჩანს ბატონმა კასიანოვმაც“, – განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველო უკრაინას გვერდით უდგას და მას მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარებაც აღმოუჩინა.

„ათეულობით ქვეყანას შორის საქართველოს არის პირველ ადგილზე ჰუმანიტარული ტვირთით, რომელიც უკრაინაში გაიგზავნა, საქართველო თავისი მთავრობით, ხალხით ერთგულია თავისი სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციის და ჩვენ ვხედავთ, რომ არაერთი უკრაინელი ხელოვანი თუ სხვა პროფესიის ადამიანი ოჯახით თუ ოჯახის გარეშე, არის საქართველოში და მაქსიმალურ მხარდაჭერას უცხადებს მთავრობა, მილიონობით ლარი იხარჯება ამ პროექტებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ჩვენი მოქალაქეების მხრიდანაც არის არაერთი სახის დახმარება აღმოჩენილი. გასაკვირი არ არის, რომ ნორმალური კონსტიტუციის ადამიანმა, ბატონმა კასიანოვმა ერთხელ მოინდომა და მადლობა განაცხადა. მადლობა მას ამისთვის“, – განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლებამ მოუსპო ჯანმრთელობა მიხეილ სააკაშვილს და აგრძელებს მის წამებას – ადვოკატი
შემდეგი სტატიამესამე მსოფლიო ომის დაწყება არავის სურს – ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო