,,როგორც ჩვენი უწყების, ასევე მთავრობის სახელით მსურს გავემიჯნო გოგი თოფაძის განცხადებას”

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დეპუტატებს 2016 წლის გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის გოგი თოფაძის მიერ თურქეთის რესპუბლიკასთან დაკავშირებით განცხადებას გამოეხმაურა და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის სახელით პარლამენტარის განცხადებას გაემიჯნა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ თურქეთსა და საქართველოს მტკიცე მეგობრობა, ურთიერთპატივისცემა და სტრატეგიული თანამშრომლობა აკავშირებს და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დღითიდღე ღრმავდება.

“როგორც ჩვენი უწყების, ასევე მთავრობის სახელით მსურს გავემიჯნო განცხადებას, რომელიც გააკეთა ბატონმა გოგი თოფაძემ. თურქეთი არის საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. თურქეთი არის საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორი როგორც ეკონომიკური და სავაჭრო კუთხით, ასევე საინვესტიციო კუთხით. ჩვენ თურქეთთან ყოველდღიურად ვაღრმავებთ ორმხრივ თანამშრომლობას, რომელიც არის ძალიან მტკიცე და დაფუძნებულია ორი ქვეყნის მრავალწლიან მეგობრობაზე, ურთიერთპატივისცემაზე და სტრატეგიულ თანამშრომლობაზე”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრის თქმით, საქართველო ყოველთვის გრძნობს და აფასებს თურქეთის მხარდაჭერას და მზად არის ერთობლივი ძალისხმევით და მეგობარ სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობით უზრუნველყოს ორი ქვეყნისა და რეგიონის განვითარება და მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტების განხორციელება.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გოგი თოფაძემ გუშინ, პარლამენტში ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის საკომიტეტო მოსმენისას უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამო “გაზპრომთან” თანამშრომლობის საკითხზე ქართულ საზოგადოებას ნეგატიური დამოკიდებულება აქვს. თოფაძის თქმით, ეს გაუგებარია იმ ფონზე, როცა უამრავი “ნაგავი შემოგვაქვს” თურქეთიდან, რომელსაც “ჩვენი ტერიტორიები დაკავებული” აქვს.

banner
წინა სტატიაში“ქართულ ოცნებას” “ნაციონალური მოძრაობის” მსგავსად სჭირდება მართვადი მოსამართლეთა კორპუსი
შემდეგი სტატია,,ვლადიმერ პაპავა სწორედ უნივერსიტეტის ბრეჟნევია”