როგორც ბევრი სხვა რეფორმა, საპენსიო რეფორმაც წარუმატებლობის საფრთხის წინაშე დგას “ქართული ოცნების” ხელში

,,ლელოს’’ ეკონომიკური გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელ გადადგომასა და საპენსიო რეფორმის ხარვეზებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.
მისი განცხადებით, ისევე, როგორც ბევრი სხვა რეფორმა, საპენსიო რეფორმაც წარუმატებლობის საფრთხის წინაშე დგას “ქართული ოცნების” ხელში. საპენსიო ფონდს და ოცნების ხელისუფლებას არ ჰყოფნის სათანადო კომპეტენცია ამ თანხების ეფექტური მართვისთვის.

,,საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი გადადგომა ეჭვებს ბადებს იმასთან დაკავშირებით, რომ ის აიძულეს ეს ნაბიჯი გადაედგა. სურგულაძე ისევე გაურკვევლად მიდის, როგორც იმართება საქართველოს მოქალაქეების ფული.
ფაქტია, რომ საპენსიო რეფორმა ჯერჯერობით ვერ შედგა და შეიძლება ჩავარდეს, სააგენტოს მიერ ნახევარი მილიარდი ლარია მობილიზებული, თუმცა მისი ინვესტირება, ფაქტობრივად, არსად მომხდარა.
ლელოს მიერ ინფორმაციის გამოთხოვის შედეგად საპენსიო სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციით დასტურდება, რომ საპენსიო რეფორმა ჩავარდნის პირასაა.
• ერთი წლის თავზე, სააგენტოს არ აქვს შემუშავებული საინვესტიციო დოკუმენტი.
• საინვესტიციო საბჭოს უნდა დაეწყო საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება, თუმცა არ დაწყებულა.
• საინვესტიციო საბჭოს მიერ ჯერ კიდევ არ არის დადგენილი აქტივების მმართველი კომპანიის შერჩევის წესი და კრიტერიუმები.
• დაკომპლექტებული არ არის რისკის კომიტეტი. ასეთი მმართველობითი ორგანოს შესაქმნელად აუცილებელია შეტანილ იქნეს შესაბამისი ჩანაწერი საქართველოს კანონში დაგროვებითი პენსიის შესახებ ან/და საპენსიო სააგენტოს დებულებაში საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე.
ეს ფაქტები ცხადყოფს ფონდში არსებულ სისტემურ პრობლემებს. საპენსიო ფონდს და ოცნების ხელისუფლებას არ ჰყოფნის სათანადო კომპეტენცია ამ თანხების ეფექტური მართვისთვის. ფონდში აკუმულირებული თანხა განთავსებულია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში საპენსიო სააგენტოს ნომინალური მფლობელობის მიმდინარე ანგარიშებზე, სადაც საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 8.5%-ია, იმ ფონზე, როცა ინფლაცია 7 %-ს უდრის.

ისევე, როგორც ბევრი სხვა რეფორმა, საპენსიო რეფორმაც წარუმატებლობის საფრთხის წინაშე დგას “ქართული ოცნების” ხელში, რადგან, რბილად რომ ვთქვათ, ინსტიტუციური მშენებლობა მმართველი ძალის ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის’’ – განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე 23 ფიზიკური პირი ამხილა, საიდანაც 11 პასუხისგებაში მისცეს
შემდეგი სტატიაომბუდსმენის სკანდალური ანგარიში : ქართულ ციხეებში ე.წ. მაყურებლების და კანონიერი ქურდების მმართველობა დაბრუნდა