როგორც ასლანის რეჟიმი იყო ძირგამომპალი და დაეცა, ივანიშვილი ზუსტად ასევეა და აუცილებლად დაეცემა

15 წლის წინ აჭარის რეგიონში განვითარებული მოვლენები დღეს მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გაიხსენა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საუბრობს იმ მძიმე ვითარებაზე, რაც მაშინ რეგიონში იყო შექმნილი და კრემლის ინტერესებზე, რომელსაც ასლან აბაშიძის რეჟიმი ატარებდა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ზუსტად ისე დაეცემა, როგორც თავის დროზე ასლან აბაშიძის დაეცა.

„15 წლის წინ, პრაქტიკულად, საქართველო გადარჩა აჭარაში, იმიტომ, რომ აჭარას მართავდა, მათ შორის, ვისაც ახსოვს, ნამდვილი სეპარატისტი, პრორუსი სეპარატისტი, რომელმაც გააკეთა საბაჟო და შექმნა საზღვრები, რომელიც გავიდა საქართველოს საკონსტიტუციო საზღვრიდან და თავისი თავი გამოაცხადა ტერიტორიის მეთაურად, რომელიც რეალურად, ცალკე აპატიმრებდა ხალხს, ჰქონდა თავისი სასამართლო, თავის პროკურატურა, რომელიც უმოწყალოდ მთლიანად ფლობდა და ფეოდალურ სამფლობელოდ ჰქონდა გადაქცეული აჭარის მთელი ტერიტორია. მან შექმნა ცალკე არმია, რუსი გენერლის მეთაურობით, ეს ბოლო ჯამში, მოაწყო სეპარატისტებმა საქართველოს კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ და დააყენა ჩოლოქთან ჯარი და ააფეთქა ხიდები. იყო ოპერაცია, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი, ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა, რამდენიმე სხვა ადამიანი, რომლებმაც რეალურად აჭარის საზოგადოებასთან ერთად მოახერხეს ამ უბედურების განეიტრალება. ამის დავიწყება არ შეიძლება იმიტომ, რომ ივანიშვილი ერთი ერთზე ჰგავს აბაშიძეს, ზუსტად იგივე მანერებით, ზუსტად იგივე აზროვნებით – ფეოდალური, ზუსტად ასეთივე მიტაცება სახელმწიფოსი, მიტაცება ტერიტორიის, საკუთარ სამფლობელოდ და საკუთარ საფეოდალო გარემოდ გადაქცევა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ასლანის რეჟიმი იყო ძირგამომპალი და ბოლოს დაეცა, ივანიშვილი ზუსტად ასევეა დღეს ძირგამომპალი და აუცილებლად დაეცემა. ივანიშვილს, ისევე როგორც აბაშიძეს, არ მივცემთ საქართველოს განადგურების საშუალებას და მოსკოვის გეგმის აღსრულების საშუალებას,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისუს-მა ე.წ. უკვდავი პოლკის აქციის ორგანიზატორებს ოფიციალური გაფრთხილება გაუგზავნა
შემდეგი სტატიაცხინვალის რეჟიმი 8-9 მაისს ე.წ. საზღვარს კეტავს