,,როგორც აღდგომა მოჰყვება ვნების კვირასა და ქრისტეს ჯვარცმას, ასევე რეფერენდუმი და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა მოჰყვა 9 აპრილის ტრაგედიას”

როგორც აღდგომა მოჰყვება ვნების კვირასა და ქრისტეს ჯვარცმას, ასევე რეფერენდუმი და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა მოჰყვა და ეფუძნება 9 აპრილის მსხვერპლსა და ტრაგედიას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში განაცხადა, სადაც 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისთვის მიღება გაიმართა.

„9 აპრილი არის თარიღი, რომლის მიმართ თითოეულ ქართველს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. 9 აპრილი ჩვენს მეხსიერებაში ტრაგიკული თარიღია. ეს დღე გადატანილ განსაცდელს გვახსენებს, მაგრამ ტრაგედია გვაძლიერებს. მთელი ჩვენი ისტორია ამას მოწმობს, 9 აპრილიც ამის მაგალითია. ამ ტრაგედიამ მოგვცა ძალა, რომ დაგვეძლია საბჭოთა იმპერიის ტყვეობა და შეგვექმნა საძირკველი დამოუკიდებლობისთვის. 9 აპრილის გარეშე, შესაძლოა, არც რეფერენდუმი ყოფილიყო, არც მაშინდელი და არც დღევანდელი დამოუკიდებლობა. როგორც ვნების კვირასა და ქრისტეს ჯვარცმას მოჰყვება აღდგომა, ასევე რეფერენდუმი და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა მოჰყვა და ეფუძნება 9 აპრილის მსხვერპლსა და ტრაგედიას. დღევანდელი საქართველო მათ მონაპოვარზე დგას. არ შეიძლება, არ ახსოვდეს საზოგადოებას, არ შეიძლება, არ იცოდეს ახალგაზრდობამ იმ ადამიანების თავგანწირვის შესახებ, რომლებმაც თავისუფლება მოგვიტანეს. არ შეიძლება, საზოგადოება არ გამოხატავდეს პატივისცემას პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მიმართ, რომელიც იდგა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სათავეში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი – ჩვენი გმირების მსხვერპლი ამაო არ ყოფილა, საქართველო ევროკავშირისა და ნატო-ს ერთიანი და წარმატებული წევრი გახდება
შემდეგი სტატიაავლაბრის სასახლე თამარ ჭოველიძის მამამ პროტესტის ნიშნად დატოვა