თუ ხშირად მოგზაურობ, ალბათ, ერთხელ მაინც გქონია შემთხვევა, როცა შენი რეისი გადაიდო ან სულაც გაუქმდა. თუ მსგავს სიტუაციაში აქამდე არ აღმოჩენილხარ, გაგიმართლა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სამომავლოდაც არ მოგიწევს ფრენასთან დაკავშირებულ პრობლემებთან გამკლავება. სამწუხაროდ, ამისგან არავინაა დაზღვეული. რეისის შეფერხება ყოველთვის არასასიამოვნოა. როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს? ვის უნდა დავუკავშირდეთ? რა უნდა გავარკვიოთ? როგორ მივიღოთ ფრენის კომპენსაცია? დღეს სწორედ ამ კითხვებს ვეცდებით გავცეთ პასუხები.
ვის დავუკავშირდეთ?
რეისის გადადება ნამდვილად უსიამოვნო სიურპრიზია, თუმცა ემოციებზე აყოლა არაფერს გვარგებს, განსაკუთრებით, მსგავს სიტუაციაში. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ სიმშვიდის შენარჩუნებას. სიტუაციის მართვა ოპტიმალური გამოსავლის პოვნაში დაგვეხმარება.
პირველ რიგში, რაც უნდა მოიმოქმედო, ავიახაზებთან დაკავშირებაა, რათა გაარკვიო ფრენის შეფერხების ზუსტი მიზეზი. აუცილებლად იკითხე, დაახლოებით რა ვადით გადაიდო რეისი. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაიგებ, გეკუთვნის, თუ არა ფრენის კომპენსაცია. გარდა ამისა, რეგულარულად ამოწმე ავიახაზების საიტზე განახლებული ინფორმაცია, რათა არ გამოგრჩეს სიახლეები.
როგორ მივიღოთ ფრენის კომპენსაცია?
შექმნილი დისკომფორტისთვის სრული უფლება გაქვს მოითხოვო ფრენის კომპენსაცია ფულადი სახით. ევროკავშირის რეგულაცია 261/2004 შექმნილია იმისთვის, რომ დაიცვას მგზავრების უფლებები და უზრუნველყოს მათი სამართლიანი კომპენსაცია ავიაკომპანიის შეფერხებით გამოწვეული ზიანისთვის. ფრენის კომპენსაციის გაცემას, როგორც წესი, უზრუნველყოფს ავიაკომპანია, რომელიც პასუხისმგებელია ფრენის შეფერხებაზე.
რა შემთხვევებში გვეკუთვნის ფრენის კომპენსაცია?
- თუ დანიშნულების ადგილზე ჩასვლა სამი ან მეტი საათით დაგვიანდა
- ფრენა გაუქმდა ან გადაიდო და ამის შესახებ ინფორმაცია ავიაკომპანიამ მინიმუმ ორი კვირით ადრე არ გვაცნობა
- თვითმფრინავში ჩაჯდომაზე უარს გვეუბნებიან ბორტზე არასაკმარისი ადგილების გამო
- რეისის შესრულებიდან არ არის გასული 2-3 წელი
რეგულაციის მიხედვით, ფრენის კომპენსაციის ოდენობა გამოითვლება აეროპორტებს შორის მანძილის მიხედვით.
- მოკლე მანძილის ფრენებზე 1500 კმ -მდე – 250 ევრო
- საშუალო მანძილის ფრენებზე 1500-3500 კმ-მდე – 400 ევრო
- შორი მანძილის ფრენებზე 3500 კმ-ზე მეტი – 600 ევრო
როგორ მოვიქცეთ თუ ე.წ. “ოვერბუქინგი” მოხდა?
იშვიათ შემთხვევებში, თუმცა ხდება ისეც, რომ ზოგჯერ ჩასხდომაზე უარს ბორტზე არასაკმარისი ადგილების გამო გვეუბნებიან. ამის მიზეზია ე.წ. ‘’ოვერბუქინგი”, რის მოგვარებაშიც აუცილებლად დაგეხმარება ავიაკომპანია, თუმცა მანამდე გარკვეული დროით აეროპორტში დაყოვნება მოგიწევს. იპოვე კომფორტული ადგილი და ეცადე პანიკას არ აჰყვე. ყურადღება სხვა აქტივობაზე შეგიძლია გადაიტანო. ალბათ, გამგზავრებამდე აუცილებლად შეიძენდი სამოგზაურო ინტერნეტს. ასე რომ, შეგიძლია რამეს უყურო ან ახლობლებთან საუბარში გაიყვანო დრო.
შეჯამება
რეისის გადადება საკმაოდ უსიამოვნო სიურპრიზია. ფრენასთან დაკავშირებულ პრობლემებთან გასამკლავებლად, პირველ რიგში, სიმშვიდის შენარჩუნებაა საჭირო. მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად შეგიძლია მოითხოვო კომპენსაცია. განაცხადის შევსებას სულ რამდენიმე წუთი დასჭირდება. როგორც მგზავრმა, მნიშვნელოვანია იცოდე საკუთარი უფლებები და იბრძოლო მათ დასაცავად. გისურვებთ უშფოთველ მგზავრობას!