როგორ წარმოგიდგენიათ, 300 მოსამართლეს ვინ მართავს, მთავრობა მართავს, მე ვმართავ, პროკურატურა მართავს? ეს არის აბსურდი – ღარიბაშვილი

როგორ წარმოგიდგენიათ, 300 მოსამართლეს ვინ მართავს, მთავრობა მართავს, მე ვმართავ, პროკურატურა მართავს? ეს არის აბსურდი! – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, თბილისის საქალაქოს სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ს საელჩომ კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგიდან მოხსნა.

ღარიბაშვილის მოსაზრებით, საქართველო ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს მართლმსაჯულების, კორუფციის მართვის თუ ადამიანის უფლებების მიმართულებით, ასევე ეკონომიკის თავისუფლების მიმართულებით და ქვეყანას „სრული პროგრესი აქვს ბოლო 8 წლის განმავლობაში“.

„ჩვენ კარგად გვახსოვს როგორი სასამართლო ჩავიბარეთ 2012 წელს ეს იყო რეალურად პროკურატურის დანაყოფი. მე არ მინდა დავაკნინო იმდროინდელი სასამართლო, მაგრამ ეს ყველაფერი კარგად გვახსოვს. ყველაზე ნათელი ინდიკატორი იმისა, თუ როგორი მართლმსაჯულება არსებობს ქვეყანაში არის იმ საჩივრების რაოდენობა, რომელიც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იგზავნება. წელს 152 განაცხადი იყო შესული სტრასბურგში, სააკაშვილის დროს, დღეს რომ სასამართლოს გაკრიტიკებას ბედავენ, იყო 3000-4000, იყო შემთხვევები, როდესაც 5000 განცხადება შესულა სტრასბურგში. ეს რას ნიშნავს? – იმას, რომ აქ მოქალაქეები სამართალს ვერ პოულობდნენ. კარგად ვიცით, რომ დღეს მოქალაქე არ იჩაგრება, მას შეუძლია იპოვოს სამართალი სასამართლოში. 320 მოსამართლიდან 300-მა მოსამართლემ რამდენიმე კვირის თუ თვის წინ ერთობლივად მიღეს კოლექტიური განცხადება და დააფიქსირეს აზრი, რომ ისინი ემიჯნებიან ამ ცილისმწამებლურ, ყოველგვარ ზღვარგადასულ კამპანიას სასამართლოს წინააღმდეგ. სულ რაღაც 17 თუ 18 მოსამართლე არ ეთანხმება 300 მოსამართლის მოსაზრებას, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი. როგორ წარმოგიდგენიათ, 300 მოსამართლეს ვინ მართავს, მთავრობა მართავს, მე ვმართავ, პროკურატურა მართავს? ეს არის აბსურდი! ეს მოსამართლეები ზოგი დანიშნულია შევარდნაძის დროს, უმეტესობა სააკაშვილის დროს. რეკომენდაცია იყო ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების, რომ ეს მოსამართლეები დაგვენიშნა უვადოდ. ჩვენ ეს ყველაფერი გავითვალისწინეთ. არათუ მედია არ დაიშვებოდა სასამართლოზე სააკაშვილის როს, სამართლის პოვნა იყო წარმოუდგენელი. ამიტომ ეს რეალობა, კონტრასტი რაც დღეს მივიღეთ, საშინელი პერიოდი იყო, დღეს გვაქვს დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები არ ირღვევა, გვაქვს სრული გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება საზოგადოების და მედიის წინაშე. ამ ყველაფერს სჭირდება დანახვა. რომ ავიღოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების სასამართლო სისტემის და მართლმსაჯულების საშუალო რეიტინგები და შევადაროთ ჩვენ სისტემას, არათუ ამ პარამეტრებში ვჯდებით, ბევრ ქვეყანას ვუსწრებთ მართლმსაჯულების, კორუფციის მართვის თუ ადამიანის უფლებების მიმართულებით, ეკონომიკის თავისუფლების და ა.შ. ჩვენ გვაქვს სრული პროგრესი ბოლო 8 წლის განმავლობაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიახალგაზრდა ქალი, რომელიც დღეს თბილისში ქმარმა მოკლა, ზუგდიდელია
შემდეგი სტატიაპოლონეთმა უკრაინას გადასცა MiG-29-ის თითქმის ყველა სათადარიგო ნაწილი და საბრძოლო მასალა