როგორ შეიძლება საქართველოთი ევროპის დაშინება

როგორ შეიძლება საქართველოთი ევროპის დაშინება, – ასე უპასუხა ანგელა მერკელმა თსუ-ს სტუდენტის კითხვას, ხომ არ შეუქმნის პრობლემას საქართველოს ევროინტეგრაციას ევროპაში ულტრამემარჯვენე პოპულისტური პარტიების გაძლიერება, რადგან ისინი აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართულებით გაფართოებას ეწინააღმდეგებიან.

ამასთან, როგორც ანგელა მერკელმა განაცხადა, ევროპაში ნამდვილად არის ულტრამემარჯვენე პოპულისტური პარტიების გაძლიერების ტენდენცია, ამ მიმართულებით ძალიან მძიმე ბრძოლა იქნება 2019 წლის მაისში, ევროპარლამენტის არჩევნების კონტექსტში.

მისივე თქმით, აუცილებელია, პროევროპული იდეისთვის ყველამ ერთად იბრძოლოს, რაც მშვიდობიან თანაცხოვრებასა და ურთიერთპატივისცემაზე უნდა იყოს დაფუძნებული.

„კიდევ ვინ გინდათ, დასავლეთ ბალკანური ქვეყნებიღა გაკლდათ – საქართველო, უკრაინა თავისი პრობლემებით – ასეთი არგუმენტები არსებობს სწორედ იმისთვის, რომ ევროპის კონტინენტზე ხალხი ხელოვნურად დააშინონ.

როგორ შეიძლება საქართველოთი ევროპის დაშინება, როგორ შეიძლება მონსტრულ სიტუაციად ამის წარმოჩენა. რა „პრობლემები“ შეიძლება შექმნას საქართველოს გაწევრიანებამ. ეს არის ადამიანური ემოციები, ძალიან ადვილად მანიპულირებადია და ძალიან დიდი სიფრთხილეა ამ თვალსაზრისით“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

გერმანიის კანცლერის თქმით, ევროპა კონკურენტული გამოწვევების წინაშე დგას, კერძოდ, ევროპული სახელმწიფოების ერების ნაწილს ეშინია გლობალიზაციის პროცესის.

„მაგალითად, საბერძნეთი, ასევე იტალიის სამხრეთით არის პრობლემები, ან საფრანგეთი. თითოეული სვამს კითხვას, მე მინდა ჩემი საკუთარი მე, მე მინდა ჩემი თვითმყოფადობა, მე მეშინია გლობალიზაციის პროცესის“, – განაცხადა მერკელმა.

გერმანიის კანცლერი მიიჩნევს, რომ ადამიანის პატივი, ღირსება, ყველაფერი ერთობლივად უნდა იქნას დაცული სხვა პარტნიორებთან ერთად.

„ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერი ქვეყანა ცალკე აღებული, მათ შორის 80-მილიონიანი გერმანიაც მარტოდმარტოა, ეულად არის დარჩენილი საკუთარი ფასეულობების ანაბარად, თუ ის ინდივიდუალურად, ერთპიროვნულად იმოქმედებს. ადამიანის პატივი, ღირსება, ყველაფერი ერთობლივად უნდა იქნას დაცული, სხვა პარტნიორებთან ერთად“, – განაცხადა მერკელმა.

banner
წინა სტატიაშიჰიბრიდული ომის წარმოება, ეს არის რუსული გეგმები და მიზანმიმართული დეზინფორმაცია
შემდეგი სტატიაჩვენ ვამზადებთ დარგის სპეციალისტების კანონპროექტს საქართველოსთვის და ბალკანეთის ქვეყნებისთვის